ტაიმაუტი | მანუჩარ მარკოიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა სანაკრებო მატჩებისას ლეგიონერების სრულად შეკრება და გუნდის მაქსიმალურად მომზადებაა #1TVSPORT
ტაიმაუტი | მანუჩარ მარკოიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა სანაკრებო მატჩებისას ლეგიონერების სრულად შეკრება და გუნდის მაქსიმალურად მომზადებაა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მონაკოდან ჩაერთო მანუჩარ მარკოიშვილი. იგი 2004-დან 2018 წლამდე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, კარიერის დასრულების შემდეგ კი სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

გასულ სეზონში წვრთნიდა საქართველოს ჩემპიონატის წარმომადგენელ „ტიტებს“, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა და…

„ჩემს მეგობარს, რომელიც გენერალურ მენეჯერად მუშაობს, ავუხსენი, რომ სურვილი მქონდა ზაფხულის შეკრებისას „მონაკოში“ ვყოფილიყავი. წინასასეზონო მზადების დასრულების შემდეგ სამწვრთნელო შტაბში დარჩენა შემომთავაზეს. ასეთი მაღალი დონის გუნდში მუშაობა ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა“.

„მონაკომ“ ევროლიგის პირველივე ტურში დაამარცხა „პანათინაიკოსი“ (75:63), რითაც ყველას დაანახა, რომ დებიუტანტობის მიუხედავად აუტსაიდერობას არ აპირებს.

„გუნდში ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი, მწვრთნელიც მაღალი დონისაა, თავისებური, ორიგინალური შეხედულება აქვს ვარჯიშებსა და თამაშებზე. პირველი მატჩის მოგება უმთავრესად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, წარმატებულ სვლას განვაგრძობთ.“

ევროლიგის მატჩები სანაკრებო ფანჯრებს ემთხვევა. მანუჩარ მარკოიშვილი „მონაკოს“ პარალელურად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ევროლიგის გუნდები მოთამაშეებს ნაკრებში არ უშვებენ. მწვრთნელებს?

„ევროლიგის გუნდში გადასვლამდე ველაპარაკე ნაკრების მწვრთნელ ილიას ზუროსს, რომელმაც მითხრა, რომ თუ „მონაკოს“ დავჭირდები, არ შემაფერხებს. თავის მხრივ „მონაკოში“ მითხრეს, რომ შეხედავენ, რა მდგომარეობა იქნება ნოემბრისთვის და თუ საშუალება იქნება, ნაკრებში გამომიშვებენ. ასე რომ, ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია“.

მანუჩარმა ნაკრების მიზნებზეც ილპარაკა:

„საქართველოს ნაკრების მიზანი ჯერ პირველი ჯგუფური ეტაპის ბარიერის გადალახვაა… საამისოდ კი აუცილებელია, გუნდი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს სანაკრებო მატჩებს და ყველა ლეგიონერი ჩვენთან იყოს“.