ტაიმაუტი | მანუჩარ მარკოიშვილი - მიხარია თითოეული ახალგაზრდის გამო, რომლებსაც საშუალება მიეცემათ ტრიბუნებიდან ადევნონ თვალი ევროპული კალათბურთის ვარსკვლავებს #1TVSPORT
ტაიმაუტი | მანუჩარ მარკოიშვილი - მიხარია თითოეული ახალგაზრდის გამო, რომლებსაც საშუალება მიეცემათ ტრიბუნებიდან ადევნონ თვალი ევროპული კალათბურთის ვარსკვლავებს #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ამჟამად სამწვრთნელო შტაბის წევრი მანუჩარ მარკოიშვილი სტუმრობდა, რომელმაც წილისყრისა და გუნდის მზადების შესახებ ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2022-ის ერთი ჯგუფის მატჩები თბილისში გაიმართება. საქართველოსთან ერთად ჯგუფში მოხვდნენ: ესპანეთი, რუსეთი, ბელგია, ბულგარეთი და თურქეთი.

 

„ძალიან საინტერესო ჯგუფი შეიკრა. მწვრთნელთა შემადგენლობას მეტოქეებზე ნაფიქრი გვქონდა, თუმცა ერთი ფაქტია – ევროპის ჩემპიონატზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. ბევრი სამუშაო გვექნება, რომ ყველა მატჩს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ.

აღვნიშნავ, რომ პირველი მატჩი ყოველთვის ბევრს წყვეტს. გახსნის შეხვედრაში ჩვენი მეტოქე ბელგია იქნება. სხვათა შორის, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სწორედ ბელგიელებს დავუპირისპირდით და გავიმარჯვეთ. იგივეს გამეორება ჩვენი სტარტისთვის მნიშვნელოვანი იქნება.“

„ჯგუფის ბოლო თამაში 8 სექტემბერს რუსეთთან გველის. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რუსეთთან ყველა დაპირისპირება ნანახი გვაქვს, ვიცით, რა განწყობით გადიან და ჩვენც იგივე სულისკვეთებით გავალთ სათამაშოდ. თუმცა, საქართველოს ნაკრებს არასოდეს აკლია მოტივაცია და ბრძოლის ჟინი.

ევრობასკეტამდე დიდი დროა და ჩვენი მიზანია, ნაკრები ამ ღონისძიებას სრული  შემადგენლობით შეხვდეს. სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება გათვლების გაკეთება და იმედებზე ლაპარაკი.

დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ, თუმცა ჩემთვის დასაფიქრებელია, რომ მერვედფინალში B ჯგუფის წარმომადგენელს ვხვდებით. ამ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის არაერთი ფავორიტია შეკრებილი.

A ჯგუფის მატჩების საქართველოში გამართვა მიხარია თითოეული ახალგაზრდის გამო, რომლებსაც საშუალება მიეცემათ არა ტელევიზიით, არამედ უშუალოდ ტრიბუნებიდან ადევნონ თვალი ევროპის კალათბურთის ვარსკვლავების თამაშს.“