მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იკითხება
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის აკაკი გელაზონიას დაკითხვა მიმდინარეობს.

ბრალდების მხარის მოწმემ სხდომაზე საქმის შესახებ ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ დაიწყო ტრანზაქციების შემოწმება ეროვნულმა ბანკმა.

„შემოწმება ჩვენ დავიწყეთ 2018 წლის 13 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. საფუძველი იყო ფულის გათეთრების დეპარტამენტის მიერ დეპარტამენტისთვის მომართული წერილი, ამას წინ უძღოდა ეროვნული გათეთრების დეპარტამენტის მიერ შემოწმება და დაადგინა სესხის გადაცემასთან დაკავშირებით „სამგორი ემისა“ და „სამგორი თრეიდის“ შესახებ, ამის შემდეგ მოხდა მომართვა. ჩვენი მიზანი იყო, შეგვესწავლა ინტერესთა კონფლიქტი ამ ტრანზაქციაზე.

როგორც კი ბანკს გავუგზავნეთ განკარგულება, ასევე მოვითხოვეთ სპეციალური დოკუმენტები, მათ შორის იურიდიული სახის საბუთები, სასესხო და იპოთეკის ხელშეკრულებები, ბიზნეს გეგმა, სესხის მიზნობრიობა, სესხის ჩამოწერის შემთხვევაში დასაბუთება, რატომ ჩამოიწერა. დოკუმენტები რომლითაც უფრო კომპლექსურად უნდა შეგვესწავლა დაცული იყო თუ არა ინტერესთა კონფლიქტი. ასევე დაგვედგინა რამდენად იყო „გაშლილი ხელის პრინციპით“ სესხი გაცემული. ე ი ხომ არ მოხდა შეღავათიანი პირობით ინსაიდერის დაკრედიტება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა.

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ვერ მიიღო ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

„ყველა სახის საბუთი ჩვენ ვერ მივიღეთ. როდესაც მივიღეთ ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოგვაწოდეს, ბანკში გვითხრეს, რომ აღნიშნული დოკუმენტები არის განადგურებული, ჩვენ მოვითხოვეთ აქტი თუმცა ასეთი რამ არ არსებობსო, გვითხრეს რომ ექვსი წლის ხანდაზმულობის შემდეგ ნადგურდებაო.

ამ შემოწმების ძირითადი მიზანი იყო ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის ფაქტის შესწავლა, ჩვენ მოვახდინეთ 2007-2012 წლებში „სამგორი ჯგუფის“ დაკრედიტების შესწავლა. სულ შევამოწმეთ 22 კომპანია. ამ კომპანიებთან დაკავშირებით რაიმე საეჭვო გარემოება ვერ აღმოვაჩინეთ, აქ არაა საუბარი „სამგორი ემისა“ და „სამგორი თრეიდზე“ და სწორედ ამ კომპანიებზე გავაკეთეთ შემდეგ აქცენტი. 2007-08 წლებში მას შემდეგ რაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები გახლდათ ჯაფარიძე და ხაზარაძე. 2007 წლის აპრილში ბანკმა „სამგორი ემზე“ (სამშენებლო კომპანია) გასცა შვიდი მილიონი დოლარი, და დაკონვერტირებული სესხებიდან ხაზარაძეს გადაერიცხა სამ მილიონზე მეტი, ხოლო ჯაფარიძეს შვიდ მილიონზე მეტი, ეს გადაერიცხათ მათ „კორ სტანდარტ ბანკში“ ანგარიშებზე. აღნიშნული თანხა როდესაც რიცხავდნენ მამუკა და ბადრი „სამგორი ემის“ ანგარიშზე, ისინი მიუთითებდნენ, რომ ეს თანხა შემოჰქონდათ სესხის ანგარიშზე“, – განაცხადა აკაკი გელაზონიამ.

მისი თქმით, სესხი დამტკიცდა ცხრა მილიონი დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც თანხა გადაერიცხა ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს.

„შემდეგ სესხი დამტკიცდა ცხრა მილიონის ოდენობით დოლარში. ლარში დაკონვერტირების შემდეგ ეს თანხა გადაერიცხათ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს „თიბისი ბანკის“ ანგარიშებზე. ეს სესხი შემდეგ პრობლემურად იქცა. ბანკის მიერ მოხდა აღნიშნული სესხების პრობლემურად აღიარება. 2008 წელს წლის ბოლოს სესხი აღიარებული იქნა უიმედოდ და ჩამოწერილი იქნა ბალანსიდან. 9 120 000 დოლარიდან ძირი დაფარული იყო 120 ათასი დოლარის ოდენობით. სესხის რესტრუქტურიზაცია „სამგორი ემზე“ და „სამგორი თრეიდზე“ ორივე მოხდა ერთ თარიღში. ორივე სესხის რესტრუქტურიზაციის დროს მათ ვადა ჰქონდათ 2009 წლამდე, თუმცა ბანკი არ დაელოდა ამ თანხას და 2008 წელს ჩამოწერა ბალანსიდან“, – განაცხადა აკაკი გელაზონიამ. 2008 წლის 31 დეკემბერს ეს სესხები ჩამოიწერა, თუმცა ბანკი აგრძელებდა ამ კომპანიების დაკრედიტებას  თითო-თითო მილიონი დოლარით“, – განაცხადა აკაკი გელაზონიამ.

„2018 წლის 19 ნოემბრის საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, ბანკი დაეჯარიმებინა 1 200 000 ლარით. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა დაუწესა ბანკს სანქცია და აუკრძალა ხაზარაძესთან და ჯაფარიძესთან ახალი რისკების პოზიციების შექმნა. 2019 წლის თებერვალს სანქციით შევუჩერეთ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება და ვთხოვეთ ბანკს, რომ გადაეყენებინათ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობიდან. ბანკმა ჩამოწერა 16 მილიონ 500 000 დოლარი. ბანკის მოგება სწორედ ამ მოგებით შემცირდა. დაახლოებით ეს არის 28 მილიონი ლარი“, – განაცხადა განაცხადა აკაკი გელაზონიამ.

გამოძიება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას, ხოლო ავთანდილ წერეთელს ამ პროცესში დახმარებას ედავება.