მამუკა მდინარაძე - ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის კომისია, არ შევქმნათ განცდა, რომ ვინმე გაბედავს და მას თავისი სუბიექტური მიზნებისთვის გამოიყენებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, არსებობს თუ არა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამის, ზაზა სარალიძისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის შეხვედრების ამსახველი ჩანაწერი.
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე განაცხადა.
„ბატონო სერგი, ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის და პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად, გვიწევს, აქ თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად ობიექტური, გამჭვირვალობა იყოს მაქსიმალურად დაცული. საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, ამ დღეების განმავლობაში თქვენ ხვდებოდით სარალიძეს დამოუკიდებლად. მე გარკვეული აზრი ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირე, რომ კომისიის თავმჯდომარე შესაძლებელია შეხვდეს. მაინტერესებს თქვენგან, ჩანაწერი თუ არის და თუ შეგვიძლია მას გავეცნოთ“, – მიმართა მდინარაძემ სხდომაზე სერგი კაპანაძეს.
ამასთან, მან კომისიის თავმჯდომარეს სთხოვა, უზრუნველყოფილ იყოს, ყველამ გაიგოს, რომ კომისია არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის, არამედ პარლამენტის არის და მას ვერავინ გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.
„ერთი თხოვნა მაქვს, მოდით, უზრუნველვყოთ, ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის კომისია. ეს არის პარლამენტის კომისია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უმრავლესობით წარმოდგენილი, ეს ხომ უფრო მეტი პაუხისმგებლობის საფუძველია, ვიდრე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ექნებათ. არ შევქმნათ განცდა, რომ ვინმე გაბედავს და ამ კომისიას გამოიყენებს თავისი სუბიექტური მიზნებისთვის და პოლიტიკური ინტერესებისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ვინმემ პოლიტიკურ პიარზე და ინტერესებზე უნდა იზრუნოს.
„არ გაქვს იმ შემთხვევასთან საქმე, სადაც ჩვენ პოლიტიკურ პიარზე და პოლიტიკურ ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ. ეს აბსოლუტურად სხვა კატეგორიის საქმეა, ამიტომ შევეცადოთ, ეს განცდები ყველამ ერთად გავაქროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს ორჯერ, გუშინ სარალიძის სახლში, ასევე, დღეს კომისიის სხდომის დაწყებამდე, თავისივე ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად შეხვდა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის მდივანს აირჩევენ, ასევე დამტკიცდება კომისიის დებულება და საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ.