ანრი ოხანაშვილი - შემთხვევის ადგილი ყველაზე მნიშვნელოვანია მაშინ, როცა იქ გასვლა და დათვალიერება პირველად ხდება
ანრი ოხანაშვილი - შემთხვევის ადგილი ყველაზე მნიშვნელოვანია მაშინ, როცა იქ გასვლა და დათვალიერება პირველად ხდება

შსს-დან მივიღეთ პასუხი, რომ ფარდულის დემონტაჟის ნებართვა რომელიმე ოფიციალურ უწყებას არ გაუცია და მისი დემონტაჟი იქ მცხოვრებმა პირებმა მოახდინეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, როცა ყველა საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. შემთხვევის ადგილი ყველაზე მნიშვნელოვანია მაშინ, როცა იქ გასვლა და დათვალიერება პირველად ხდება, რათა ყველა შესაძლო ნივთმტკიცების ამოღება მოხდეს. შემთხვევის ადგილი ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მთელი გამოძიების პროცესში ის დალუქული უნდა იყოს. პროცესუალურად, ეს ასე არ არის. მთავარია, როცა საგამოძიებო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავა, ფოტოგადაღება მაქსიმალურად ზუსტად აწარმოოს და ყველა ნივთმტკიცება ამოიღოს. ის პერიმეტრი კი, სადაც საგამოძიებო მოქმედებების წარმართვა ხდებოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, დალუქულიც კი იყო“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კომისიას პასუხად მიღებული აქვს, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ყველა ნივთმტკიცება ამოღებულია, ფოტომასალა არსებობს და ფარდული ნებისმიერ დროს აღდგენადია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კომისია ამ ყველაფერს კრიტიკულად უყურებს და აანალიზებს, გამორჩა თუ არა რამე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლებოდა, კიდევ ჩატარებულიყო.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, მეორე საკითხი, რაც საზოგადოებაში ყოველთვის ისმოდა, დანის ე.წ გაღუნვის საკითხი იყო და ვიდრე საქმის მასალებში ჩაიხედავდა, მასაც ჰქონდა აღქმა, რომ დანა იმდენად გაღუნული უნდა ყოფილიყო, ეს თვალით უნდა დაგვენახა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დანა გაღუნული კი არ არის, მხოლოდ მიკროსკოპულად ჩანს, რომ დეფორმირებულია.

„ამ ეტაპზე მიღებული გვაქვს პასუხი, რომ დანა ნებისმიერი საექსპერტო კვლევისთვის ვარგისია. დანამ დეფორმაცია მხოლოდ იმის გამო განიცადა, რომ მასზე საექსპერტო კვლევის ჩატარება მოხდა და ნებისმიერი ასეთი საექსპერტო კვლევის ჩატარების დროს ეს ნორმალური შემთხვევაა. ამ ყველაფერს მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, რომ ყველაფერი ნამდვილად ასეა. ჩვენ ექსპერტი უნდა მოვიწვიოთ და ვკითხოთ, ვარგისია თუ არა დანა შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მესამე საკითხი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ისმოდა, მირზა სუბელიანის საკითხია და კომისია იკვლევს, ამ საქმესთან მიმართებით, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, იყო თუ არა ვინმე ლოიალური.

„ჩვენ ამ შეკითხვებს ვსვამთ, თუ რატომ არ განხორციელდა ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება უფრო ადრე, მაგრამ პასუხად ვიღებთ იმას, რომ როგორც კი მირზა სუბელიანთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულება გაჩნდა, შსს-მ მყისიერი რეაგირება მოახდინა და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, მირზა სუბელიანი პასუხისგებაში მისცა. მის პასუხისგებაში მიცემამდე, პასუხისგებაში არიან მიცემული მისი უახლოესი ნათესავები, კალანდიები. დანაშაულის დაფარვისთვის პატიმრობაშია მამა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული შვილი და პასუხისგებაშია მიცემული ასევე მ.კ. მთლიანობაში, ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცხრა პირია მიცემული, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს შედეგები არ გვაკმაყოფილებს და ბოლომდე კრიტიკული ვიქნებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.