საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვან მოწმეებს გამოკითხავენ
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვან მოწმეებს გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს არასრულწლოვან მოწმეებს გამოკითხავენ.

არასრულწლოვნების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში კომისიის მცირე ჯგუფთან ერთად გაგრძელდება. ამ კვირაში ასევე იგეგმება იმ ექსპერტების დაკითხვა, ვინც საექსპერტო დასკვნა შეადგინა. გუშინ დახურულ ფორმატში გამოიკითხნენ 51-ე სკოლის მანდატურები.

კომისიის წევრის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის სერგო რატიანის განცხადებით, სკოლის დირექტორისა და სასწავლო ნაწილის გამოკითხვიდან გამოჩნდა, რომ არსებობს კოორდინაციის პრობლემა მანდატურის სამსახურსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.

საპარლამენტო უმრავლესობისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ჩვენ უკვე გამოვკითხეთ დაზარალებული ოჯახები, მათი წარმომადგენლები. ასევე, ჩვენ გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან გასაუბრება. ორი დღის განმავლობაში ვკითხავდით პროკურატურის წარმომადგენლებს. ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ. პარალელურ რეჟიმში ვკითხავთ არასრულწლოვან მოწმეებს, რომლებიც არიან ამ ინციდენტის თვითმხილველები, ასევე ხორავას ქუჩის მაცხოვრებლებს, რომლებიც რაიმე სახის ინფორმაციას შეიძლება ფლობდნენ. ამ კვირაში ვაგრძელებთ არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვას და ამ კვირაშივე გვექნება იმ ექსპერტების გამოკითხვა, ვინც შეადგინა საექსპერტო დასკვნები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.