მამუკა მდინარაძე - არასრულწლოვნებისა და სხვა გამოკითხულებისგან ისეთი არაფერი გამოკვეთილა, რაც რადიკალური დასკვნის საშუალებას მოგვცემს 
მამუკა მდინარაძე - არასრულწლოვნებისა და სხვა გამოკითხულებისგან ისეთი არაფერი გამოკვეთილა, რაც რადიკალური დასკვნის საშუალებას მოგვცემს 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული არასრულწლოვანი მოწმეებისა და სხვა პირებისგან, გარკვეული ახალი დეტალები არის, მაგრამ ისეთი ხელშესახები და მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება რადიკალური დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცეს, არ გამოკვეთილა, – ამის შესახებ კომისიის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, უმრავლესობის დეპუტატმა, კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისია დღეს ექსპერტებს გამოკითხავს, რომელთა მიმართ ძალიან ბევრი კითხვა იქნება.

„ძალიან ბევრი, მათ შორის, პროფესიული დეტალია, რაც დამატებით განმარტებებს საჭიროებს. მაგალითად, რომელი ჭრილობა შეიძლება გამოირიცხოს და რომელი დანით; რომელ დანას არ შეიძლებოდა მიეყენებინა კონკრეტული დაზიანება; შეეძლო თუ არა კონკრეტულ დანას კონკრეტული ჭრილობის მიყენება კონკრეტული პირისთვის და ა.შ. ძალიან სპეციფიკური კითხვებია. როგორც მინიმუმ, კარგი იქნება, თუ გამორიცხვის გზით, ექსპერტების მხრიდან კონკრეტულ კითხვებზე პასუხი გაიცემა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, უკვე გამოჩნდა, რამდენად რელევანტური იყო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც დაისმება კითხვა, იყო თუ არა მკვლელობისას მხოლოდ დანა გამოყენებული.

„მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის დნმ-ის პროფილი დანაზე არ აღმოჩნდა, თუმცა, აღმოჩნდა ხელსახოცზე, რომელშიც დანა იყო გახვეული. ამაზე ჩვენ უკვე დავსვით კითხვები და პროკურორებისა და გამომძიებლებისგან გარკვეული პასუხები მივიღეთ. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ექსპერტის მოსაზრება კიდევ უფრო საინტერესოა და ბუნებრივია, შესაბამის ექსპერტთან ეს კითხვა იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების გამოკითხვა დროებითი საგამოძიებო კომისიის დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს.