მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპაო, ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს
მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპაო, ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს

შეუძლებელია, ევროპისგან იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპაო, ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ვეტინგის“ თემას ეხებოდა.

კერძოდ, მდინარაძეს კითხვა დაუსვევს, როგორ შეაფასებდა ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან წამყვან თანამდებობაზე, შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები“.

მდინარაძის თქმით, „ვეტინგის“ თემა დახურულია.

„თანამედროვე ცივილიზებული სამყარო იბრძვის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებისთვის. „ვეტინგის“ სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ. არათუ ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდანაც შემოწმების ამგვარი სისტემა ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას, აჩენს უდიდეს რისკებს, რომ შემოწმების დროს, მით უმეტეს, არაკეთილსინდისიერი შემოწმების დროს, დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც, სინამდვილეში, კეთილსინდისიერია. ეს არის ბერკეტი, ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. მით უმეტეს, გარედან რაიმე გადაწყვეტილების მიღება, შემოწმება კატეგორიულად მიუღებელია.

ამიტომ ჩვენთვის ეს თემა ჩახურულია. წარმოუდგენელია, მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ პრინციპული მიდგომა და სუვერენიტეტში ჩაურევლობის მიმართ პრინციპული მიდგომა ევროპისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს საქართველოს ევროპაში გაწევრიანების გზაზე.

შეუძლებელია, ასეთი ულტიმატუმი იყოს დაყენებული გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჰიპოთეთურია, მაგრამ ვიღაც თუ დაგიყენებს საკითხს, სუვერენიტეტი ან ევროპაო, ასე საკითხები არ დგება. წარმოუდგენელი იქნება საკითხის დაყენება იმგვარად, რომ სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა, ერთ-ერთი დათმეთო. ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს. შეიძლება, ვრცელდებოდეს რაღაც განცხადებები, მაგრამ ასეთი საკითხის დაყენება შეუძლებელია.

ეჭვიც კი გამოითქვა, „ხალხის ძალის“ პოზიციაა, რომ შემთხვევითი არ იყო, რომ რა კანონმდებლობაც დავაინიცირეთ, ამის გახმოვანების წინ, პარასკევს, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული განცხადება დაგვეწია, თუმცა ამ თემის განხილვაში აღარ შევალ. ჩვენი განსხვავება ხომ ეს არის, ისინი ასე თამამად ლაპარაკობენ, ჩვენ ვერიდებით ასეთ საუბარს. არ მინდა, ასეთ საკითხებზე ამგვარად ვიფიქრო, მაგრამ ფაქტია, იყო კრიტიკული განცხადება, რომელი განცხადებაც ასეთ რისკებს შეიცავდა. ჩვენ არავინ უნდა დაგვიყენოს საკითხი, სასამართლოს დამოუკიდებლობა დათმეთ, თორემ ევროკავშირის გზაზე რაღაც პრობლემები შეგექმნებათო. ასე საკითხი ვერ დადგება და გადაწყვეტილების მიღების დროს, მაგალითად, მოლაპარაკებების გახსნაზე, შეუძლებელია, ასეთი ულტიმატუმის დონის საკითხები დადგეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.