პიტერ სტანო - საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან წამყვან თანამდებობაზე, შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები
პიტერ სტანო - საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან წამყვან თანამდებობაზე, შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები

სასამართლო სისტემაში რომ აღმოიფხვრას სისტემური გამოწვევები, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოს 2023 წლის ანგარიშისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, არის ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ასევე არის იმ ცხრა საფეხურის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ ევროკავშირის გაფართოების მოხსენებაშია აღნიშნული. ეს დადასტურებულია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, რომლებმაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწიეს.

სასამართლო სისტემაში რომ აღმოიფხვრას სისტემური გამოწვევები, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან – კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოების თავმჯდომარეები. შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტები. ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს საკუთარი შეხედულება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემაზე. მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ევროკავშირი რჩება აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან და მზად არის, საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გზაზე წინსვლას“, – აღნიშნულია განცხადებაში.