მამუკა მდინარაძე - ილუზია არ გვაქვს, რომ ჩვენი ოპოზიცია დაეწყობა და იტყვის, შევცდით, არ უნდა გვეკადრა, რაც ვიკადრეთ, ახლა პოზიტიურ რელსებზე გადმოვალთ და ევროინტეგრაციაში ხელს შეგიწყობთო
მამუკა მდინარაძე - ილუზია არ გვაქვს, რომ ჩვენი ოპოზიცია დაეწყობა და იტყვის, შევცდით, არ უნდა გვეკადრა, რაც ვიკადრეთ, ახლა პოზიტიურ რელსებზე გადმოვალთ და ევროინტეგრაციაში ხელს შეგიწყობთო

ჩვენ დავდექით გზაზე, სადაც ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ბევრ რამეს გვეტყვიან, ბევრ საკითხს დააყენებენ, ბევრ საკითხზე გვექნება დისკუსია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„მოკრძალებული „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის ახალი აღმოჩენაა. ეს სიტყვა ყველაზე ნაკლებად შეესაბამება მათ რომელიმე თვისებას. სამუშაო ჯგუფები, ფორმატები მომავალში იქნება მრავალი, რადგან არათუ ეს ცხრა, არამედ ბევრად მეტი რეკომენდაცია, მათ შორის გასათვალისწინებელი, მათ შორის სადისკუსიო გვექნება. ჩვენ დავდექით გზაზე, სადაც ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ბევრ რამეს გვეტყვიან, ბევრ საკითხს დააყენებენ, ბევრ საკითხზე გვექნება დისკუსია. ამას შემთხვევით არ ვამბობ, რომ არ გვიჯერებდნენ, იმ საკითხზე ვსაუბრობ. ბოლო დღეებში გვქონდა, როდესაც  რეკომენდაცია უნდა გაეცა ევროკომისიას. ინტენსიური კომუნუკაცია გვექნება და თითოეულ ამ საკითხს დეტალურად გავივლით ხოლმე, რომ არ დავაზიანოთ, ერთი მხრივ, ევროპულ გზაზე სწორად სვლა და, მეორე მხრივ, ქართული ეროვნული ინტერესები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ბევრი ფორმატი და ეს მომდევნო წელს იქნება თუ იმის მომდევნო წლებში, დაკონკრეტებას რომ მთხოვენ ხოლმე, ვსაუბრობ 2024 წელს, 2025 წელს და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით რთული გზაა გასავლელი.

„ჩვენ რთული გზა გვაქვს გასავლელი, რადგან აბსოლუტურად არ გვაქვს ილუზია, რომ ახლა ჩვენი ოპოზიცია დაეწყობა და, ვაიმე, აქამდე შევცდით, არ უნდა გვეკადრა, რაც ვიკადრეთ, ახლა პოზიტიურ რელსებზე გადმოვალთ და ევროინტეგრაციაში ხელს შეგიწყობთო. ამას არ იზამენ, ბუნებრივი ამბავია. რადგან ამას არ იზამენ, ჩვენ გვექნება რთული გზა ევროპისკენ, გუშინაც ვთქვი, ეკლიანი გზა. ამ ბევრ ეკალს უზრუნველყოფენ ესენი და მათი პატრონები გარედანაც, მაგრამ ჩვენ ვივლით სწორად და მივალთ იმ მიზნამდე, რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია. სამუშაო ფორმატი იქნება თუ სხვადასხვა, ბევრი ასეთი საკითხია, ეს ცხრა კი არ არის მხოლოდ. ამ ცხრას 19 და 29 მოჰყვება, ძალიან ბევრი იქნება ასეთი. ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელშიც, ბუნებრივია, თუ ვიღაც მონაწილეობას ობიექტურად და გულწრფრელად მიიღებს, იქნება კარგი, თუმცა ამის დამაჯერებლობის ხარისხი ჩემთვის მათგან ნულია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციების ნაწილი აღსრულებას ეხება და პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნას არ მოითხოვს.

„მოდი, ნუ დავკონკრეტდებით. ყველა სიტყვაზე რომ გვეკიდებიან და გვედავებიან, ძალიან კარგად იცით. სამუშაო ჯგუფები იქნებაო, რომ ვთქვათ, ცხრავეზე სამუშაო ჯგუფს მოითხოვენ. ზოგ მათგანზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი რა შუაშია. ამ რეკომენდაციებიდან ძირითადი ითვალისწინებს აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილების მიღებას. პარლამენტის სამუშაო ჯგუფი აღსრულების ნაწილში ხომ შეუსაბამო რაღაცაა. ამიტომ ტყუილი უნდა ვთქვათ ახლა თქვენც და მეც, რომ ვიმსჯელოთ სამუშაო ჯგუფების შექმნაზე პარლამენტში. რაც საკანონმდებლო დონეზე გვქონდა შესასრულებელი რეკომენდაციები, პრაქტიკულად, ყველაფერი შევასრულეთ და აქ სამუშაო ჯგუფები იყო რელევანტური გადაწყვეტა. აღსრულების მექანიზმებზე რომ უნდა იყოს საუბარი და პარლამენტში სამუშაო ჯგუფს რომ ქმნი, უბრალოდ აჩვენებ, თითქოს რაღაცას აკეთებ. რეალისტური გადაწყვეტა არის უფრო მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ზოგზე სამუშაო ჯგუფი შეიძლება, იყოს საჭირო, ზოგზე რაღაც ქმედით მექანიზმებზე აღსრულების ნაწილში მთავრობამ იზრუნოს და ა.შ. ასე დოგმატურად ნუ მივუდგებით, რომ ამ საკითხებს გადავწყვეტთ სამუშაო გზით. არ იქნება ეს სწორი პასუხი და არ იქნება მართალი, რაც შეიძლება, ახლა მე თქვენ გიპასუხოთ. ყველა საჭიროებს ინდივიდუალურ გადაწყვეტას და მე  შემთხვევით არ ვამბობ, სპეციალურად ვამატებ ამას, რომ არამხოლოდ ეს საკითხი იქნება, იქნება შეიძლება, ცხრაჯერ ცხრა და უფრო მეტი საკითხი იყოს, ბევრი, ვიდრე ჩვენ მომდევნო ეტაპებზე გადავალთ“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.