არჩილ თალაკვაძე - რეგიონში, ევროპის კონტინენტზეც უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებია, ფხიზლად უნდა ვიყოთ, გავუფრთხილდეთ, რაც ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს, ესაა მშვიდობა, პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე
არჩილ თალაკვაძე - რეგიონში, ევროპის კონტინენტზეც უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებია, ფხიზლად უნდა ვიყოთ, გავუფრთხილდეთ, რაც ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს, ესაა მშვიდობა, პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მსოფლიოში და რეგიონში ურთულესი გამოწვევებია და საქართველოს ახლა არ სჭირდება დესტრუქცია, არეულობა, დესტაბილიზაცია.

„რეგიონშიც, ევროპის კონტინენტზეც არის უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები, პოლიტიკური პრობლემები. საარჩევნო წელია ყველგან, ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს – ეს არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა, წარმატებები, პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელსაც ვერავინ ჩამოართმევს ქართველ ხალხს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს მიენიჭა კანდიტატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ სტატუსი ხელისუფლებას არ დაუმსახურებია და ხალხს მისცეს. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ახლა აღარ ყოფილა კანდიდატის სტატუსი ხალხის, რადგან იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა ჩამოერთვას ხელისუფლებას.

„მინდა, გამოვეხმაურო სასაცილო და უთავმოყვარეო განცხადებებს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებდა ამ დღეებში, რომ საქართველოს უნდა ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსიო. ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კი არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსი, ხალხს მისცესო და თუ ხალხს მისცეს, მაშინ ახლა როგორ ითხოვთ, რომ ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი?

რა შეფასებას აკეთებთ ამაზე? ანუ, როდესაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თურმე მაშინ მხოლოდ ხალხის დამსახურება ყოფილა, არა ხალხის და ხელისუფლების, და ახლა, როცა გინდათ, ზეწოლა მოახდინოთ ხელისუფლებაზე, თურმე აღარ არის კანდიდატის სტატუსი ხალხის და ხელისუფლებას უნდა ჩამოერთვას? ეს არის თქვენი ლოგიკა და პატრიოტიზმი? პირდაპირ ხართ თქვენი ქვეყნის ოპოზიციაში და ამაზე გაგცემთ ხალხი პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.