მამუკა კობახიძე - საპარკინგე ადგილებს შესაბამისი სტანდარტებით მოვაწყობთ
მამუკა კობახიძე - საპარკინგე ადგილებს შესაბამისი სტანდარტებით მოვაწყობთ

საპარკინგე ადგილებს შესაბამისი სტანდარტებით მოვაწყობთ, – განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ყველა ნიშანი, რომელიც პარკინგზე განთავსდება, ამრეკლი ზოლით უნდა იყოს. ასევე ყოველი წინააღმდეგობის შემდეგ, როგორიცაა ხე, ან შესახვევი, დამატებითი საპარკინგე ნიშნები უნდა მოეწყოს, რათა მომხმარებლისთვის კონკრეტულ ადგილზე მანქანის გაჩერება გაადვილდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვის რა ფორმით უნდა მიმართონ „სითი პარკის“ ყოფილმა თანამშრომლებმა იმ შემთხვევაში, თუ მათ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გადასვლის სურვილი ექნებათ, მამუკა კობახიძემ განაცხადა, რომ სატრანსპორტო კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, „სითი პარკის“ ყველა ის თანამშრომელი მიიღოს, ვისაც მათთან გადასვლა სურს.

„დღეს უკვე 102 თანამშრომელია მოსული – 76 კონტროლიორ–ინსპექტორი, 10 მძღოლი, 10 დამხმარე და ექვსი თანამშრომელი, რომლებიც უშუალოდ ოპერირებას ახდენდნენ. ჩვენ ღია ვართ და თუ აზრთა თანხვედრა იქნება, „სითი პარკის“ ყველა დაინტერესებულ თანამშრომელს მივიღებთ. თუმცა კვირის ბოლოს, ალბათ, უკვე შევსებული ვიქნებით და თუ მათ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვთ, უნდა იჩქარონ“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.