მამუკა კაციტაძე - „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომაზე დაძაბულობის იმიტაცია ხდებოდა
მამუკა კაციტაძე - „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომაზე დაძაბულობის იმიტაცია ხდებოდა

„ახალი მემარჯვენეების” ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ გუშინ, პარლამენტის პლენარულ სესიაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გამოთქმული პროტესტი, ხელოვნური დაძაბულობის შექმნას ემსახურებოდა.

„აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, სულ რომ არაფერი იყო საკამათო, უცებ წამოხტებოდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ზოგიერთი მათგანი პირველად დავინახე საერთოდ, მათი აქტივობიდან გამომდინარე. პირდაპირ ვიფიქრე, რომ დაძაბულობის იმიტაცია ხდებოდა. ჩააგდეს ჩვენი კანონპროექტი. არ დაიჯეროს ვინმემ, რომ გუშინდელი პროცესი იყო ბუნებრივი. ანუ ეს იყო მაჟორიტარების ბუნტი. ერთი მაჟორიტარი დამისახელეთ, ვინც ბიძინა ივანიშვილს ძალისმიერი პოზიციიდან დაუწყებს საუბარს“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძის თქმით, ხელოვნური დაძაბულობის შექმნა „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სურდა, რომ შემდეგ საზოგადოებას კანონპროექტის დამცველად მოევლინოს.

მამუკა კაციტაძემ ასევე განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი აუცილებლად მიიღებს.

თუმცა, „ახალი მემარჯვენეების” ლიდერი განმარტავს, რომ არ გამორიცხავს, აღნიშნული კანონპროექტის მოდიფიცირება მოხდეს.

„უკვე შემიძლია, ეს პროცესი შევაფასო დადებითად, რადგან  2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით, ერთადერთი, არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი პროექტის გარკვეულ მოდიფიკაციასთან გვქონდეს საქმე, გარკვეულწილად სახე იცვალოს ამ კანონპროექტმა. რომ დამსვათ და მქონდეს დრო, ხუთ ვარიანტს მაინც გეტყვით, როგორ შეიძლება შეცვალო კანონპროექტი, რომ პროპორციულიც დატოვო, ბუნებრივიც დატოვო, მაგრამ მოდიფიცირება მოახდინო მაინც ამ კანონპროექტის, როგორც იტყვიან, ეშმაკები დეტალებშია“ ,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, ახლა კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. მაჟორიტარები პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო.

მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გუშინ პარლამენტში  კენჭისყრაზე ჩავარდა.