„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის მსგავსად, სხვა თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევის საკითხის დაყენებას აპირებს
„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის მსგავსად, სხვა თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევის საკითხის დაყენებას აპირებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მხარს უჭერენ ლევან იოსელიანის ინიციატივას სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით არჩევასთან დაკავშირებით. როგორც მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხედომაზე, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა, ამავდროულად, არ არსებობს არგუმენტები, რატომ უნდა იყოს სხვა თანამდებობის პირთა არჩევა ფარული.

მამუკა მდინარაძემ დეპუტატებს მიმართა, რომ სამომავლოდ აღნიშნული საკითხის დაყენებას აპირებს და არგუმენტები წარმოადგინონ. საუბარია იმ თანამდებობის პირთა ღია კენჭისყრით არჩევაზე, რომელიც განსაზღვრულია რეგლამენტით და არა კონსტიტუციით.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ არ არსებობს არგუმენტები, რატომ უნდა იყოს სხვა თანამდებობის პირთა არჩევა ფარული. პარლამენტის წევრს თუ არ აქვს იმისი თავი, რომ ახსნას, დაადასტუროს, მხარი დაუჭიროს საკუთარ გადაწყვეტილებას და თქვას, რატომ დაუჭირა მხარი ამა თუ იმ კანდიდატს, ის პარლამენტის წევრი საერთოდ არ უნდა იყოს. ამას ოქმისთვის ვლაპარაკობ, ამიტომ თუ ვინმეა დარბაზში ისეთი, ვისაც საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს, დიდი სიამოვნებით მოვისმენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებაში (სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით არჩევა) მხარს დაგიჭერთ. გახსოვთ ალბათ, შეხვედრაზე ჩვენც ვთქვით არგუმენტები, რატომ არ უნდა იყოს ფარული. გასაგებია, თქვენი ინიციატივა იყო და პრინციპში, იქვე დაგიჭირეთ მხარი, მაგრამ ჩემი აზრით, არ არსებობს იმის არგუმენტაცია, რატომ უნდა იყოს ღია ომბუდსმენის შემთხვევაში და რატომ უნდა იყოს ფარული სხვა დანარჩენის შემთხვევაში, რაც რეგლამენტში გვიწერია.

რადგან ყველანი კონსენსუსის გზით ვაღწევთ შეთანხმებას, რომ უნდა დავუჭიროთ მხარი ბატონი ლევანის ინიციატივას (სახალო დამცველის ღია კენჭისყრით არჩევაზე), ასევე, ხომ არ გაქვთ დღესვე არგუმენტი ოქმისთვის, რომელიც მიუთითებს, რატომ უნდა იყოს სხვა დანარჩენ შემთხვევაში, რაც რეგლამენტითაა განსაზღვრული, ფარულობა. დღეს ასეთი არ არის წარმოდგენილი. წინასწარ გიანონსებთ, რომ მე ამ საკითხს დავაყენებ, მოემზადეთ და მობრძანდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ლევან იოსელიანის მხრიდან სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით არჩევის საკითხის დაყენებამ გვაჩვენა, რომ ზოგიერთი თანამდებობის პირის არჩევა ფარული კენჭისყრით ხდება, ზოგის – პირიქით და ასეთ შემთხვევაში პრინციპი გაუგებარია.

„მაგალითად, დღეს ჩვენ გვექნება გენერალური აუდიტორის კენჭისყრა, რომელიც იქნება ღია, საქსტატის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო, არჩევა იქნებოდა დახურული. ამან დაგვაფიქრა, რა ლოგიკაა ჩადებული. მესმის თქვენიც, ახლა რთულია ამის განხილვა. ზოგი ღია, ზოგი დახურულია ისე, რომ ვერ ვხვდებით პრინციპს, რა შეიძლება იყოს თავის დროზე ჩადებული რეგლამენტში. ზოგადად, კონსტიტუციის მიხედვით, მხოლოდ პარლამენტის თვმჯდომარეზეა არჩევის დროს ფარული კენჭისყრა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.