ირაკლი კობახიძე - პარლამენტის სხდომაზე მოვუწოდე უმრავლესობის წევრებს, ნაკლებად შევიდეთ პოლემიკაში აგენტებთან, ვხედავთ, რა ადამიანები სხედან დარბაზში, არც კაცობაზე აქვთ პრეტენზია, არც სამშობლოზე
ირაკლი კობახიძე - პარლამენტის სხდომაზე მოვუწოდე უმრავლესობის წევრებს, ნაკლებად შევიდეთ პოლემიკაში აგენტებთან, ვხედავთ, რა ადამიანები სხედან დარბაზში, არც კაცობაზე აქვთ პრეტენზია, არც სამშობლოზე

მთავარი მიზანი, რაც ოპოზიციას აქვს, ეს არის უკრაინიზაცია, მეორე ფრონტი ამ ქვეყანაში. მათ პოლარიზაციის გაღვივების საშუალება არ უნდა მივცეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ოპოზიცია პარლამენტში სხდომას არ ესწრება და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„პროცედურასთან დაკავშირებით სხდომაზეც გამოვედი სიტყვით და მოვუწოდე უმრავლესობის წევრებს, რომ უმჯობესი იქნება, ნაკლებად ავყვეთ ასეთ პროვოკაციებს, ნაკლებად შევიდეთ პოლემიკაში აგენტებთან. ჩვენ ვხედავთ, რა ადამიანები სხედან დარბაზში, ესენი არიან უცხოელი აგენტები, მათთან ასეთი ტიპის პოლემიკას არანაირი აზრი არ აქვს, ისინი გააგრძელებენ საკუთარი დავალებების შესრულებას. მთავარი მიზანი, რაც მათ აქვთ, ეს არის უკრაინიზაცია, მეორე ფრონტი ამ ქვეყანაში. ეს არის მთავარი დავალება. მათ ხელოვნური პოლარიზაციის გაღვივების საშუალება არ უნდა მივცეთ. თან ვხედავთ, როგორ იქცევიან, ქალებს იფარებენ ეს ხელოვნური კაცები, ვითომ კაცები. არც კაცობაზე აქვთ პრეტენზია, არც სამშობლოზე, არაფერზე არ აქვთ პრეტენზია. როგორ შეიძლება ასეთ ხალხთან საერთოდ პოლემიკაში შესვლა. ნახეთ, რა პლაკატებს აკრავდნენ თბილისში – „რუსებით სავსე ქალაქი“.  ყველა ხედავთ, რომ თბილისი, პირველ რიგში, ქართველებით სავსე ქალაქია და ქართველებთან ერთად, ბუნებრივია, ყველა ეროვნებისთვის არის ქალაქის კარი ღია. როდესაც ასე ცდილობ შენი ქალაქის დაბრენდვას, ეს ხომ ნიშნავს, რომ მათ არც ქალაქი უყვართ და არც სამშობლო აქვთ. უსამშობლო ხალხია. ბანკთან დაკავშირებით აქციები – ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა. არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.