შალვა პაპუაშვილი - დღეს გამოჩნდება, შევძელით თუ არა პარლამენტში ევროპულ მომავალზე ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ, რა დევს სასწორზე, რა გიღირთ პოლიტიკურად და ადამიანურად
შალვა პაპუაშვილი - დღეს გამოჩნდება, შევძელით თუ არა პარლამენტში ევროპულ მომავალზე ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ, რა დევს სასწორზე, რა გიღირთ პოლიტიკურად და ადამიანურად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭს უყრის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ საკითხს.

პაპუაშვილის თქმით, დღეს გამოჩნდება, შეძლეს თუ არა პარლამენტის წევრებმა საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება.

„დღეს მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, რადგან 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთზე პარლამენტი არსებითად გადაწყვეტილებას მიიღებს მეორე მოსმენით. მართალია, წინ მესამე მოსმენაა დარჩენილი, მაგრამ დღეს გამოჩნდება, შევძელით თუ არა ამ პარლამენტში საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ყველას უპირველეს ყოვლისა გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ ამაზე დაფიქრდეთ, დაფიქრდეთ თქვენს შვილებზე, თქვენს სამშობლოზე, დაფიქრდეთ სწორედ ამ 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე – რა დგას სასწორზე, რა გიღირთ პოლიტიკურად, რა არ გიღირთ პოლიტიკურად, რა გიღირთ ადამიანურად, რა არ გიღირთ ადამიანურად და ამის საფუძველზე ყველამ მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის არჩევის წესს განიხილავენ.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში არსებულ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ ფორმატში არ მონაწილეობენ, სამუშაო ჯგუფებში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„თითქოს ხდებოდა დაკნინება საქართველოს პარლამენტის ინსტიტუტებისა, მათ შორის სამუშაო ჯგუფის, წარმოჩენა, თითქოს ეს არის რაღაც შეხვედრა, რომელსაც თავისი ფორმა არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, რომელიც უფრო მეტად ინკლუზიურია, ვდრე კომიტეტის სხდომა. კომიტეტი არის საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა, განხილვა, თათბირი. სამუშაო ჯგუფის მთავარი დანიშნულება კი არის, არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ გარე აქტორებიც, სამოქალაქო სექტორი, პროფესიული წრეები იყვნენ ჩართული, თანაბრად ისხდნენ და თათბირობდნენ სხვადასხვა საკითხზე. სამწუხაროა, რომ სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ გამოიყენა  შესაძლებლობა, საპარლამენტო საქმიანობაში მიეღო მონაწილეობა. სამუშაო ჯგუფები კვლავ მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რახან კომიტეტებზე მოდიხართ, პლენარულ სხდომაზე მიდიხართ, ვერ ვხვდები, რა პრობლემა გაქვთ სამუშაო ჯგუფთან. გამოდის, თქვენ ახარისხებთ პარლამენტის ისნტრუმენტებს, თქვენთვის რაღაც არის მეტად ლეგიტიმური, რაღაც – ნაკლებად, რაც თავისთავად პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის და რეგლამენტის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა.  თუ ესწრებით კომიტეტებს, როგორც საქართველოს ამომრჩევლების წარმომადგენლები, თუ მიიჩნევთ თავს ვალდებულად,  დაესწროთ კომიტეტებს, პლენარულ სხდომას, ვფიქრობ, თქვენი შინაგანი ვალდებულება ასევე უნდა გკარნახობდეთ, რომ სამუშაო ჯგუფების სხდომას დაესწროთ. მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ საქმიანობაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.