მამუკა კაციტაძე „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებას არაკოლეგიალურს უწოდებს
როცა ვიღაც გაძალებს, რომ თქვა, რძე არის თეთრი და გინდა თუ არა, ამის თაობაზე დაიფიცო, ეს გამართლებული არ არის და მით უმეტეს, ეს არ არის კოლეგიალური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ხელმძღვანელმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.
კაციტაძის თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა იმაზე არ უნდა ისაუბრონ და ერთმანეთს არ უნდა მოსთხოვონ ის, რაც ისედაც ცხადი და ნათელია.
„სჯობს, ვისაუბროთ იმაზე, ვინც დღეს უკვე თანამშრომლობაშია ხელისუფლებასთან, თან მჭიდრო თანამშრომლობაში და რატომ არის თანამშრომლობაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რა შედეგები იქნება და რაზე იქნება საუბარი, დღეს ამაზე მსჯელობა და ამით პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა სწორ პოლიტიკურ ნაბიჯად არ მიმაჩნია. მით უმეტეს, „ახალი მემარჯვენეებისგან“, – განაცხადა კაციტაძემ.
პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა დღეს გიგი უგულავამ.