მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ შეთავაზება კონკრეტული პარტიის მიერ ყურადღების მიპყრობაა
მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ შეთავაზება კონკრეტული პარტიის მიერ ყურადღების მიპყრობაა

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ხელმძღვანელის, მამუკა კაციტაძის თქმით, „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ შეთავაზება კონკრეტული პარტიის მიერ დღის წესრიგის საკითხის შექმნის მცდელობა და ყურადღების მიპყრობაა.

მამუკა კაციტაძე არ ეთანხმება „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ოპოზიციური პარტიებისადმი მოწოდებას, რომლის მიხედვით, ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი უნდა განაცხადონ.

კაციტაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება „ახალ მემარჯვენეებს“ არ ეხებათ, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ არასდროს უთანამშრომლიათ. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ უკვე დაღმართზე მყოფი პარტიაა და მემარჯვენეები მასთან დაკავშირებას მომავალშიც არ აპირებენ.

„ამ შემოთავაზებას, კითხვას, მოთხოვნას, თუ პასუხს, ჩემს თავზე არ ვიღებ, რადგან მგონია, რომ თუ ვინმე არის პროდასავლური ორიენტაციის, ეს ვართ „ახალი მემარჯვენეები“. რვა წლის შემდეგ, დაღმართზე რომ არის უკვე „ქართული ოცნების“ საქმე, კოალიციის შექმნაზე კითხვა დამისვა, მგონი ყველაფერთან ერთად პოლიტიკური უმწიფრობა იქნებოდა მათი მხრიდან“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.