გიგი უგულავა - ოპოზიციურ პარტიებს ინიციატივას ვთავაზობთ, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ მთავრობას არ შევუქმნით
გიგი უგულავა - ოპოზიციურ პარტიებს ინიციატივას ვთავაზობთ, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ მთავრობას არ შევუქმნით

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

აღნიშნულის შესახებ დღეს განცხადება გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ გააკეთეს.

„ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ისე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში არ დატოვოს ქაოსი. ამ მიზნით, ჩვენ გვინდა, ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნოდ ინიციატივა შევთავაზოთ და ჩვენი საზოგადოების წინაშე მკაფიოდ განვაცხადოთ, არჩევნების შემდეგ ივანიშვილის ,,ოცნებას” არ შევუქმნით მთავრობას. არჩევნების შემდეგ დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოზე, პროკურატურაზე, მედიაზე და მთლიანად ქვეყანაზე.

მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში. ეს იქნება ფუნდამენტური ერთობა, რომლითაც ერთი მხრივ, ჩვენ მივაღწევთ ივანიშვილის ჩამოშორებას“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მზად არის კოლეგებთან კონსულტაციისთვის, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მემორანდუმის ტექსტის შემუშავებისთვის.