მამუკა კაციტაძე - ვფიქრობ, პოლიტიკოსი ვანო მერაბიშვილი გუშინდელი ვითარება უფროა, ვიდრე ხვალინდელი
მამუკა კაციტაძე - ვფიქრობ, პოლიტიკოსი ვანო მერაბიშვილი გუშინდელი ვითარება უფროა, ვიდრე ხვალინდელი

ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსი მერაბიშვილი გუშინდელი ვითარება უფროა, ვიდრე ხვალინდელი, თუმცა არ ვიცი, რა იქნება ხვალ, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

მამუკა კაციტაძემ ვანო მერაბიშვილს საპატიმროს დატოვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი, რომელის თავისუფლებაც იყო შეზღუდული და გამოდის ციხიდან, ყველა შემთხვევაში არის მისალოცი.

„ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მინდა, ეს დავაფიქსირო და წარმატებები ვუსურვო როგორც მოქალაქეს. რაც შეეხება მის განცხადებას პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ უნდა აქტიურობა პოლიტიკაში, ეს მისი უფლებაა, თუმცა ვის როგორ წარმოუდგენია ვანო მერაბიშვილის აქტიური პოლიტიკოსობა ხვალ, ეს უკვე ჩვენი თავისუფლებაა. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსი მერაბიშვილი გუშინდელი ვითარება უფროა, ვიდრე ხვალინდელი, თუმცა არ ვიცი, რა იქნება ხვალ. რაც შეეხება დამხობას, არ ვიცი, ეს თუ სიტყვის მასალად გამოიყენა,  სხვა საკითხია, თუ ეს მიზნობრივად თქვა, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს მისი ხელწერაა წარსულიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კითხვაზე, ითანამშრომლებენ თუ არა იმ პარტიასთან, რომელშიც ვანო მერაბიშვილი გაერთიანდება, მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური ძალები ამ ეტაპზე, მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის საკითხზე თანამშრომლობენ.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ თანამშრომლობის ფორმატი არ გაგვაჩნია. თუ გაჩნდება ხვალ რაიმე თანამშრომლობის ფორმატი, იქვე გაჩნდება კითხვაზე პასუხი. ვისთან ვაპირებთ ამ ყველაფერს. დღესდღეობით ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.