მამუკა კაციტაძე - ბლოკის დემონიზაცია აბსოლუტურად არამართებულად მოხდა
მამუკა კაციტაძე - ბლოკის დემონიზაცია აბსოლუტურად არამართებულად მოხდა

ბლოკის დემონიზაცია აბსოლუტურად არამართებულად მოხდა, – ამის შესახებ პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ხელმძღვანელმა, მამუკა კაციტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ბლოკი არის პარტიათა შორის თანამშრომლობის ფორმა, უშუალოდ არჩევნების დროს. ბლოკი არის სინერგიის შექმნის საშუალება მონათესავე იდეოლოგიისა და ღირებულება-ფასეულობების პარტიებს შორის. ბლოკი გარკვეულწილად, არის რესურსების ეკონომიის, ან უფრო სწორად, კონცენტრაციის და ერთობლივად ბრძოლაში შესვლის საშუალება. ბლოკი ამისთვის არის და თუ ბლოკის უარყოფასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან, ან სხვებისგან სხვა არგუმენტს ვერ ვისმენთ, რომ ეს არის პარაზიტული გაერთიანება. მეორე მხრივ, ლაპარაკია იმაზე, 0,67%-ს რაღა ბლოკი უნდაო, ვპასუხობთ – პარტიებისთვის ვაწესებთ 0,67%-ს?! ჩვენ 3%-ს ვამბობდით, ხელისუფლებას 0,67% უნდა და იყოს 0,67%, მაგრამ ვინმეს რომ არ ეგონოს, ეს ყველაფერი 0,67%-სთვის გვინდა, ბლოკისთვის იმდენმაგი იყოს, რამდენსაც ხელისუფლება იტყვის, სამმაგი, ხუთმაგი, შვიდმაგი, ოღონდ გონიერების ფარგლებში“, – განაცხადა კაციტაძემ.

მისი თქმით, ამის პრეცედენტები არის დემოკრატიულ ქვეყნებში და მათ შორის ევროპაში, სადაც დიფერენცირებული ბლოკები არსებობს.

„მაგალითად, ბარიერი არის 3%, ბლოკისთვის 5%; ბარიერი არის 4%, ბლოკისთვის 7%. ისეთიც კი არის, რომ ბლოკის ბარიერის თამასა სუბიექტების რაოდენობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კაციტაძემ.

როგორც კაციტაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად გახვიდე, მარტო კვალიფიკაცია, ცოდნა, პროგრამა არ კმარა და ამისთვის რესურსთა კონცენტრაციაა საჭირო.

„პარტიას რომ საკმარისი რესურსები არ აქვს, 3 500 უბანზე მეტი ღირსეულად დაფაროს, წინასაარჩევნო რეკლამა ღირსეულად და ჯეროვნად გაწიოს, რომ ეს ტვირთი ასწიოს, მით უმეტეს, იმ გაძვირებულ პოლიტიკურ ბაზარზე, როგორიც დღეს გვაქვს, საჭიროა ამ რესურსების კონსოლიდაცია და სინერგიის წარმოქმნა იდეოლოგიურად მონათესავე პარტიებს შორის“, – განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციურად, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, პოლიტიკური გაერთიანება შექმნას და თუ მოქალაქეს პოლიტიკური პარტიის თავისუფლად შექმნის უფლება აქვს, გაუგებარია, რატომ უნდა ავუკრძალოთ პოლიტიკურ პარტიას, შექმნას გაერთიანება არა მხოლოდ პოსტსაარჩევნო, არამედ უშუალოდ საარჩევნო პერიოდში.

„მით უმეტეს, თუ ბენეფიტებს დავურეგულირებთ, რომ ეს ყველაფერი პარაზიტულად არ გაინაწილონ“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები, რომელთა გაუმჯობესებაზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი და, რაც აუცილებელია იმისთვის, რათა 2020 წელს კარგი არჩევნები მივიღოთ, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, რეკლამის რეგულაციების წესი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის წესი, უშუალოდ არჩევნების დღეს უბანზე აგიტატორთა პერიმეტრის დაცვის წესი, აგიტაცია უშუალოდ არჩევნების დღეს და ა.შ.