თეა წულუკიანი - ოპოზიციური პარტიების და ბლოკების შიგნითაც ინდივიდუალური, პოლიტიკური ინტერესები იკვეთება, თავის გადაწყვეტილებას ყველა ძალიან მალე მიიღებს
თეა წულუკიანი - ოპოზიციური პარტიების და ბლოკების შიგნითაც ინდივიდუალური, პოლიტიკური ინტერესები იკვეთება, თავის გადაწყვეტილებას ყველა ძალიან მალე მიიღებს

„ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს. მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს ხალხის იმხელა ნდობა, რომ პარლამენტში უმრავლესობა შექმნას.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ეთერში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა ემოციებზე დაყრდნობით მოახდინოს.

„ვნახოთ, რას მოიტანს ეს პროცესი. იმედი ბოლომდე გადაწურული არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ხელახალი არჩევნები ვერ შედგება. არ არსებობს საფუძველი, ვატაროთ არჩევნები, ვიდრე ოპოზიცია არ დამარცხდა და მას არ აქვს იმხელა ნდობა ამომრჩევლის რომ შექმნას მთავრობა, იყოს უმრავლესობაში პარლამენტში. თუ მოლაპარაკების ეს ფორმატი წარუმატებლად დამთავრდა, ჩვენ ყველა კანონისმიერ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ არ მოხდეს უფლებამოსილების შეწყვეტა ასე ჰარიჰარალედ, ემოციებზე დაყრდნობით და მივცეთ კვლავ ჩიხიდან გასასვლელი ოპოზიციურ წარმომადგენლებს, რომელიც ერთგვაროვანი მასა არ არის და ძალიან შორს არიან იმისგან, რომ იყვნენ მასა. ეს არის ინდივიდების კრებული. მათ შორის, პარტიების და ბლოკების შიგნითაც ინდივიდუალური, პოლიტიკური ინტერესები იკვეთება, არ ვგულისხმობ მხოლოდ „გირჩს“. ყველა თავის გადაწყვეტილება ძალიან მალე მიიღებს. ამისთვის ცოტა დრო დარჩა, მაგრამ ვინმემ რომ არ იფიქროს დროის წნეხია და ვერ მიიღოს გადაწყვეტილება, ამისთვის ჩვენ შევქმნით დროის დამატებით რესურსს. ჩვენ მათ შევთავაზეთ გადათვლა და მივიღეთ უარი, კარუსელის გადამოწმებაზეც ასევე. ვეუბნებით, არც შეგიწყვეტ უფლებამოსილებას, პასუხია შენ ვინ გეკითხება, ვეუბნებით მეტ დროს მოგცემ, არ მჭირდება ეს დროო. მაშინ, ისმის კითხვა, რა გინდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე, თეა წულუკიანის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციური ძალა სხვა პარტიების თავის ჭკუაზე ტარებას ცდილობს.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების დღიდან დღემდე ბევრი არგუმენტი გამოიტანა საჯარო განხილვაზე და გააბათილა ის მცდარი მტკიცება, რასაც ოპოზიცია წარადგენდა. რეალობა, ის, რაც ყველამ ვიცით არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არის გამარჯვებული პარტია, არ მოგატყუებთ და ვიტყვი, რომ უფრო მეტის მოლოდინი ჩვენც გვქონდა, მაგრამ დაჯდა ის რიცხვი, რაც დაჯდა და პოლიტიკა სწორედ ამას გვასწავლის, რომ რა ხმასაც მიიღებ იმისთვის უნდა გადაუხადო ამომრჩეველს მადლობა და არ შეაყარო სახეში მიღებული ნდობა. მეორე მხარეს არის ჭრელი ოპოზიციური სპექტრი, რაც ხან სიმდიდრეს ნიშნავს და ხან პრობლემებს და ვხედავთ აშკარად გამოხატულ რადიკალურ ძალას, „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი ლიდერის სახით, რომელიც ცდილობს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ვინც უფრო მეტი ხმაც მიიღეს, უფრო სწორი კამპანიაც აწარმოეს, გუშინ დააფუძნეს ლამის პარტია და მათზე მეტი ნდობა მოიპოვეს, ატარონ საკუთარ ჭკუაზე. ეს არის მათი დღის წესრიგი, რომ დარჩნენ ქუჩაში და სხვებიც იქ ამყოფონ. ის, რომ ჩვენ დროის წნეხი მოვუხსნათ, რადგან პასუხისმგებლობა ჩვენზეა, თუმცა უპასუხისმგებლოები თვითონაც არ უნდა იყვნენ, რადგან კრიზისში საკუთარი თავი თვითონ შეიყვანეს. ამიტომ, დროის წნეხს ვხსნით და ვაძლევთ საშუალებას, როცა გაგიხარდება პარლამენტის კარი ღიაა და შემოდი“, – განაცხადა წულუკიანმა.