მამუკა ბახტაძე - საქართველოში აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი, გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე
თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ ეკოლოგია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ დაამუშავა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოკლე ვადაში საშუალებას მოგვცემს, ეკოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოში აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე.
„მინდა ეს მიმართულებები ჩამოგითვალოთ, რომელზეც აქცენტს გავაკეთებთ. პირველ რიგში, ეს არის საწვავის ხარისხის გაზრდა. ამასთან ერთად, საქართველოში აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე. მასშტაბური ცვლილებები შევა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით. ეტაპობრივად, სრულად მოხდება ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სტრატეგიაზე თბილისის მერიასთან ერთად და ივლისის ბოლომდე გავაკეთებთ ამ ძალიან მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.