უკრაინის ეკოლოგიურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, წყალდიდობის ზონაში ქოლერის ჩხირები აღმოაჩინეს, თუმცა დაავადების აფეთქება არ დაფიქსირებულა
უკრაინის ეკოლოგიურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, წყალდიდობის ზონაში ქოლერის ჩხირები აღმოაჩინეს, თუმცა დაავადების აფეთქება არ დაფიქსირებულა

კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, წყალდიდობის ზონაში ეკოლოგებმა ქოლერის ჩხირები აღმოაჩინეს, თუმცა დაავადების აფეთქება არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექციის წარმომადგენელმა, ოლეგ პავლენკომ განაცხადა.

„ჩვენ ვახორციელებთ სამხრეთ ოლქის მონიტორინგს, ყოველდღიურად ვიღებთ წყლის სინჯებს და ვატარებთ ანალიზებს. ძალიან დიდი დაბინძურება არ არის, თუმცა უკვე გვაქვს ქოლერისა და ნაწლავური ჩხირების აღმოჩენის რამდენიმე შემთხვევა“, – განაცხადა სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექციის წარმომადგენელმა.

მანამდე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობა გააფრთხილა სტიქიის ზონაში წყლის კლების შემდეგ ქოლერის გავრცელების საშიშროების შესახებ.

ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი აფეთქების შედეგად 6 ივნისს გაირღვა, რის შემდეგაც მდინარე დნეპრის ორივე სანაპიროზე ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება აფეთქებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ძალებს აკისრებს, რომელთა ოკუპაციის ქვეშ არის კახოვკის კაშხალი და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე დასახლებები.