„სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“ - ევრო 2023-ის მასპინძელ ქალაქებში უეფა-ს კამპანია განახლდა #1TVSPORT
„სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“ - ევრო 2023-ის მასპინძელ ქალაქებში უეფა-ს კამპანია განახლდა #1TVSPORT

საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას განახლდა უეფა-ს კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“. კამპანიის ფარგლებში, ტურნირის მასპინძელ ქვეყნებში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.

ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე, რის გამოც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.

ტურნირის რვავე მასპინძელ სტადიონზე და სავარჯიშო ცენტრებში განთავსდა „გადამუშავების კონტეინერები“ გუნდებისთვის, ოფიციალური პირებისთვის, გულშემატკივრებისთვის, მოხალისეებისთვის და პერსონალისთვის, რათა ჩემპიონატში ჩართულმა პირებმა მონაწილეობა მიიღონ ნარჩენების დახარისხებაში, რაც ხელს უწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და გადამწყვეტ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილებაზე.

უეფა-მ და მასპინძელმა ფედერაციებმა სოციალური მედიის საშუალებით შეიმუშავეს აქტივობები ეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენების წახალისებისთვის.

უეფა-მ ტურნირის მასპინძელ საქართველოსა და რუმინეთში, ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის დასუფთავების აქცია გამართა. კამპანია ჩემპიონატის მასპინძელ ხუთივე ქალაქში გაიმართა. თბილისში შესაბამის აქტივობებს პაიჭაძისა და მესხის სტადიონებმა უმასპინძლეს.