ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციასთან, რომელსაც მინისტრის მოადგილე ვუგარ კარიმოვი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და სამინისტროებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„ჩვენს ქვეყნებს ხანგრძლივი მეგობრობა და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც კიდევ უფრო გააღრმავებს ბოლო პერიოდის მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები. სამინისტროების დონეზე, აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი, რომელიც არაერთი მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ გარემოს დაცვის, მათ შორის, ტყის მართვისა და დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით; კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა და მზად ვართ, აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიაროთ”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებითაც გაგრძელდეს.

„კავკასიის რეგიონი, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, მსოფლიოს ათეულში შედის. საქართველო და აზერბაიჯანი კი რეგიონში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. ვფიქრობ, ორივე მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ერთობლივი, რეგიონული და ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას და ეროვნული პარკების განვითარებას. ჩვენი სურვილია, გავიზიაროთ საქართველოს გამოცდილება ტყის მართვის და საკანონმდებლო ბაზის შექმნის, დაცული ტერიტორიების განვითარების, ბიოსფერული რეზერვატების შექმნის/მართვის და სხვა მიმართულებებით. ჩვენი მხრივ, ქართველ კოლეგებს გავუზიარებთ გამოცდილებას გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის მიმართულებით“, – განაცხადა ვუგარ კარიმოვმა.

ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულების დეტალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილთან განიხილა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და კახა კაკაბაძე, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.