დედოფლისწყაროში ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება
დედოფლისწყაროში ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება

ეროვნული სატყეო სააგენტო, კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) თანადაფინანსებით, დედოფლისწყაროში ტყის აღდგენის პროექტს განახორციელებს. სამიზნე ტერიტორიად შერჩეულია 93 ჰა დეგრადირებული მუხნარი კორომი, სადაც ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის ღონისძიებები ჩატარდება.

პროექტის ფარგლებში ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის აღდგენის ღონისძიებებისთვის საჭირო 30-მდე ერთეული აღჭურვილობა და ტექნიკა გადაეცა. ასევე, დაფინანსდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, რომლებიც, სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ტყის ბუნებრივი აღდგენის ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

„ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ზრდა სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და დღეისათვის ამის საშუალებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარიც“ გვაძლევს. დედოფლისწყაროში 93 ჰექტარზე მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტი ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

„ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისა და მედეგობის ზრდისათვის“ პროექტს გლობალურ დონეზე IUCN-ი ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.