მამუკა ბახტაძე - საგამოძიებო კომისიის მთავარი ფუნქციაა გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და არა პოლიტიკური შეფასება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მთავარი ფუნქცია არის გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების გაცემა გამოძიების შესახებ და არა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის, მით უმეტეს, პოლიტიკური შეფასება, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური შეფასება ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„ჩემი შეფასება გახლავთ სწორედ ასეთი, რომ საგამოძიებო კომისიამ კანონმდებლობის ჩარჩოებში სწორედ ის უნდა განახორციელოს, რა მიზნისთვისაც შეიქმნა და რა ფუნქციაც აქვს. პოლიტიკური ნაწილი რომ გამოვაკლოთ, სამწუხაროდ, ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკური შეფასებები გახლავთ, მაგრამ ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, მთავარია, ყველანი დავრწმუნდეთ, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოჩენილი ან თუ იყო, უნდა გამოსწორდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელოდება და, რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი აღნიშნული კომისია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარდგენილ დასკვნას ცხრა ხმით გუშინ დაუჭირა მხარი.
„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარია შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ასევე, დასკვნის თანახმად, უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართულები. საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნაში ასევე არის მოთხოვნა, დაიწყოს სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის მიმართულებით, ასევე მირზა სუბელიანის მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
გუშინდელ სხდომაზე დასკვნა ასევე წარადგინეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებისას არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია გამოძიების საბოლოო შედეგებზე. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა ან დაგვიანება არ არის სამოხელეო დანაშაულის ან განზრახ ქმედების შედეგი. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დასკვნის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებები დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ-ს როლზე კითხვებს აჩენს, თუმცა დევნის დაწყებაზე მითითება საგამოძიებო კომისიის მანდატს სცდება.