ბექა ლილუაშვილი - „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ ამ კვირაში ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობა არ იქნება საკმარისი კომისიის შექმნისთვის, მოხდება საკითხის დისკრედიტაცია, რაც არის მავნებლობა
ბექა ლილუაშვილი - „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ ამ კვირაში ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობა არ იქნება საკმარისი კომისიის შექმნისთვის, მოხდება საკითხის დისკრედიტაცია, რაც არის მავნებლობა

სიმართლის დადგენის ერთადერთი გზაა, რომ ყველა საკითხი, რომელიც შოვის ტრაგედიას უკავშირდება, დაიცალოს პოლიტიკური ინტერესისგან, ამიტომ ამ მოცემულობაში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ, – ამის შესახებ განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ,ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლილუაშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ვერ შეუწყობს ხელს, ეს საკითხი რომელიმე პარტიამ, მათ შორის „ნაცმოძრაობამ“ რაღაც საკითხების გადასაფარად პოლიტიკურ დღის წესრიგში გამოიყენოს.

„ჩვენთვის ადამიანების სიცოცხლე ვაჭრობის საგანი ვერასდროს გახდება. ერთადერთი ინტერესი იყო და არის სიმართლის დადგენა, პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და მომავალში მსგავსი უბედურების აცილება. ირაკლი ღარიბაშვილს კითხვებით მივმართეთ და მას არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა აღარ არის აღმატებული ღირებულება და ძალაუფლების შენარჩუნება გახდა ამაზე მაღალი ფასეულობა. ის, რომ პროკურატურამ გააგრძელა თავისივე დადგენილ ჩარჩოში გამოძიების მსვლელობა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს გამოძიება მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მათ არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ სწორი პოზიციონირება გაეკეთებინათ საგამოძიებო კომისიასთან მიმართებაში. მოვუწოდეთ, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში არ მიხმარებოდნენ. მათ ერთი თვით ადრე, რიგგარეშე სესიის მოთხოვნის გარეშე, დააინიცირეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ახლაც, როცა იციან, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კომისია შეიქმნას, ამ მოცემულობაში ამ საკითხის განხილვას ითხოვენ. თუ განხილვა და კენჭისყრა ერთმანეთისგან დაშორდა, გამოდის, რომ საკითხი შეიძლება, განიხილო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს საკითხი კენჭისყრელ საკითხებში აღარასდროს შეიტანოს. ამიტომ ამით კომისიის საკითხის დისკრედიტაცია მოხდება. ეს არის ან მიზანმიმართული მავნებლობა, ან პოლიტიკურად მიზანშეუწონელი ნაბიჯი. ჩვენ ვერ შევუწყობთ ხელს, ეს საკითხი რომელიმე პარტიამ, მათ შორის „ნაცმოძრაობამ“ რაღაც საკითხების გადასაფარად პოლიტიკურ დღის წესრიგში გამოიყენოს. სიმართლე უნდა დადგინდეს და ამის ერთადერთი გზაა, ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება შოვის ტრაგედიას, დაიცალოს პოლიტიკური ინტერესისგან. ამიტომ ამ მოცემულობაში საკითხის განხილვას მხარს არ დავუჭერთ და ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რათა პოლიტიკური მდგენელისგან ეს საკითხი დაიცალოს და ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.