იაგო ხვიჩია - საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ ვაპირებდით, არც დიდი ინტერესი გვაქვს, მაგრამ კომისიებთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივებს მხარს ვუჭერთ, იმის მიუხედავად, რამდენად რაციონალური გვგონია ისინი
იაგო ხვიჩია - საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ ვაპირებდით, არც დიდი ინტერესი გვაქვს, მაგრამ კომისიებთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივებს მხარს ვუჭერთ, იმის მიუხედავად, რამდენად რაციონალური გვგონია ისინი

საგამოძიებო კომისია არის ქარიშხალი ჭიქაში, რომლისგანაც არაფერი არ გამოვა და რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრი ჯიუტად არ ეშვება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება „გირჩის“ პოზიციას, როგორც ხვიჩიამ განმარტა, მისი პოლიტიკური პარტია კომისიაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა, თუმცა ოპოზიციის ინიციატივებს საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით მხარს უჭერენ.

„არ გამოვა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ თქვა სხვა საგამოძიებო კომისიაზე, რომ საგამოძიებო კომისიები აღარ იქნება ამ პარლამენტში, განსაკუთრებით, ოპოზიციის ინიციატივით. ამავდროულად, ოპოზიციასაც არ აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ რაც შეგვეხება, ამ კომისიაში არც მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით და არც დიდი ინტერესი არ გვაქვს, მაგრამ ოპოზიციის ინიციატივებს საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით მხარს ვუჭერთ, იმის მიუხედავად, რამდენად რაციონალური გვგონია ისინი და მას ვეთანხმებით თუ არა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 3 ოქტომბრის სასესიო კვირას გაიტანენ.