მამუკა ბახტაძე - ქართულ ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე არც ერთი რეფორმა არ გატარდება
მამუკა ბახტაძე - ქართულ ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე არც ერთი რეფორმა არ გატარდება

ქართულ ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე არც ერთი რეფორმა არ გატარდება, – ამის შესახებ ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია,  მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და ამავე დროს ეფექტურობის გაზრდა.

„რაც შეეხება მიდგომებს, ამაში მთავარი ორიენტირი იქნება, ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ძალიან მნიშვნელოვანია,  მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და ამავე დროს ეფექტურობის გაზრდა. ვფიქრობ, ამას წარმატებით მივაღწევთ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო , რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან. განსაკუთრებულ პრიორიტეტს მივანიჭებთ საშუალო და მცირე ბიზნესთან ურთიერთობას. არც ერთი რეფორმა არ იქნება გატარებული ისე , თუ კონსულტაციას არ მივიღებთ ქართული ბიზნესისგან“,- აღნიშნა ბახტაძემ.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან წარმატებული უწყების ხელმძღვანელობა მოუწევს.

„ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული რეფორმა და პროექტი გაატარა. ძირითადი პარამეტრები, როგორც ბიუჯეტის, ასევე მომავალი ხარჯები შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენ ამ პოზიტიურ გეზს აუცილებლად გავაგრძელებთ“,- განაცხადა ბახტაძემ.