კომერციული ბანკებისთვის დაწესებული რეგულაციები სწრაფ და ონლაინსესხებზეც გავრცელდება
კომერციული ბანკებისთვის დაწესებული რეგულაციები, რომლებიც სესხის გაცემაზე მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეზღუდვას ითვალისწინებს, სწრაფ და ონლაინსესხებზეც გავრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა სწრაფი და ონლაინსესხების მიერ შექმნილმა მომსახურებებმა შექმნა.
„მინდა შევეხო თემას, რომელიც ეხება სწრაფ და ონლაინსესხებს. საერთო თამაშის წესებზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი. ვინაიდან, პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ე.წ. ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელს შორის, ანუ საბანკო, არასაბანკო სექტორს, მიკროსაფინანსოებს თავის რეგულაცია ჰქონდათ, ონლაინსესხებზე სხვა რეგულაცია ვრცელდებოდა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოხვედრილი და ეს იქცა პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ.
აქედან გამომდინარე, თამაშის წესები შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინსესხების წარმომადგენლებსაც. ვინაიდან, სწორედ ამ მიმართულების მიერ შექმნილმა ასეთი ტიპის მომსახურებებმა შექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კომერციული ბანკებიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემაზე შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილებებით 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.