კომერციული ბანკებიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემაზე შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება
კომერციული ბანკებიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემაზე შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილებებით 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

„შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას“, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.

როგორც ეროვნულ ბანკში პირველ არხს განუცხადეს, ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ ბანკებს, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და მსგავსი ტიპის რეგულაცია მომავალში სხვა საფინანსო ინსტიტუტებზეც გავრცელდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოთხოვნების შემოღებაზე ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახსნილია ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე მიზეზები, რამაც მსგავსი მოთხოვნების შემოღება გამოიწვია.