მამუკა ბახტაძე - ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლების, საქართველოს საზოგადოების წინაშე, დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია
ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლების, საქართველოს საზოგადოების წინაშე და ეს მკაფიოა. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დისკუსიისას Financial Time-ის მთავარი რედაქტორის კითხვას უპასუხა, თუ ვინ არის მისი ხელმძღვანელი და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული.
ამასთან, როგორც მამუკა ბახტაძემ კონფერენციაზე განაცხადა, საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე.
„ვფიქრობ, საუკეთესო პასუხი ამ კითხვაზე იქნებოდა რეალური სტატისტიკა და ციფრები, ჩვენი განვითარება საერთაშორისო შეფასებებში. ჩვენი დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებში არ დგას, რომ ყოველთვის შევადაროთ, რა იყო 2012 წლამდე, რა არის ახლა, მაგრამ რეალურად დიდი პროგრესი სახეზეა. ჩვენ უნდა ვიყუროთ მომავალში და უნდა გავერთიანდეთ. გამოწვევების გადასალახად ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ – მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ჩვენი მეგობარი. არ გვაქვს ილუზიები, ვიცით, რომ უამრავი გამოწვევა დგას ჩვენ წინაშე, თუმცა გაერთიანების გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს. სწორ გზაზე ვდგავართ. საქართველო გახდა ლიდერი ამ რეგიონში, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, გამოწვევები რჩება. უნდა შევამციროთ და აღმოვფხვრათ სიღარიბე. როდესაც ამ მიზანს მივაღწევთ, ჩვენი შანსები გაცილებით უფრო მაღალი იქნება, რადგან ჩვენი ეკონომიკა და პოლიტიკური ცხოვრება გახდება გაცილებით უფრო მდგრადი.
რუსეთი ყველაფერს ცდილობს და ეს ყველას უნდა ესმოდეს, თუმცა ისინი ვერ შეძლებენ და ვერ მიაღწევენ ვერაფერს საქართველოში კონკრეტული მიზეზების გამო – პოლიტიკური მიზეზების გამო არა, ღირებულებების გამო. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ პროაქტიულები, უნდა ვიყოთ პროაქტიულები და ვართ კიდეც. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მიღწევები დემოკრატიის მშენებლობაში. გვჭირდება დიდი მიღწევები ეკონომიკურ განვითარებაში და შემდეგ ეს ორი ერთად გააძლიერებს საქართველოს და საქართველო გახდება ნატო-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, აღნიშნულ საკითხამდე კონფერენციაზე დისკუსიის მოდერატორმა, Financial Time-ის მთავარმა რედაქტორმა, ედვარდ ლუისმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს კითხვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დაუსვა – „თქვენი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მდიდარი ადამიანი და მისი აქტივები საქართველოს მშპ-ის ერთი მესამედია. ეს ჩრდილს ხომ არ აყენებს ამ მიმართულებას“, რაზეც პრემიერმა უპასუხა: „არ ვფიქრობ, რომ ჩვენ საქართველოში ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საქართველოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი“. მამუკა ბახტაძემ კითხვის პასუხად იმ ცვლილებებსა და მიღწევებზე ისაუბრა, რაც 2012 წელს საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელდა.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.