მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის „ოსკარი“ დენიელ კალუიამ მიიღო, საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში კი ტომას ვინტერბერგის დრამამ გაიმარჯვა
საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში „ოსკარი“ ტომას ვინტერბერგის დრამამ „ნასვამი“ (Drunk) მოიპოვა.
დანიური დრამის მთავარი გმირები მეგობრები არიან, რომლებიც ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტენ და ყოველდღე ალკოჰოლს იღებენ. სურათში მთავარ როლს მადს მიკელსენი ასრულებს.
ლოს ანჯელესში მიმდინარე დაჯილდოებაზე უკვე გამოვლინდა „ოსკარის“ მფლობელი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ამ ნომინაციაში ფრედ ჰემპტონის განსახიერებისთვის ბრიტანელმა მსახიობმა დენიელ კალუიამ გაიმარჯვა.
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში კალუიას კონკურენტები პოლ რაჩი, ლესლი ჯუნიორი, „ბორატის“ ვარსკვლავი საშა ბარონ კოენი და ლაკიტ სტენფილდი იყვნენ.
„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრი მასპინძლობს. პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ ესწრებიან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება აქვთ ნომინანტებს. დაცულია დისტანცია, ყველა დამსწრეს კი წინსწრებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება.