მალე დედამიწას ჩაუვლის კომეტა, რომელიც ბოლოს 50 000 წლის წინ ჩანდა — #1tvმეცნიერება
უახლოეს კვირებში, შეუიარაღებელი თვალით შეიძლება დავინახოთ ახლად აღმოჩენილი კომეტა, რომელიც ჩვენს ცაზე ბოლოს 50 000 წლის წინ ჩანდა.
კომეტას C/2022 E3 (ZTF) უწოდეს და ის 2022 წლის მარტში, პროგრამა Zwicky Transient Facility-ის ფარგლებში შენიშნეს, როდესაც მან იუპიტერს ჩაუარა.
მზის სისტემის შორეული, ყინულოვანი მისადგომებიდან მომავალი კომეტა მზესთან ყველაზე ახლო წერტილში 12 იანვარს გაივლის, დედამიწასთან კი 1-ელ თებერვალს.
მისი დანახვა შესაძლებელი იქნება ბინოკლით და სავარაუდოდ შეუიარაღებელი თვალითაც, თუკი ცა ზედმეტად არ იქნება გადანათებული მთვარის ან ქალაქის სინათლით.
კომეტა ყინულისა და მტვრისგან შედგება და გამოყოფს მომწვანო ნათებას. პარიზის ობსერვატორიის ასტროფიზიკოსის, ნიკოლა ბივერის განცხადებით, მისი დიამეტრი დაახლოებით ერთი კილომეტრია.
შესაბამისად, ის გაცილებით პატარაა, ვიდრე NEOWISE — ბოლო კომეტა, რომელმაც დედამიწას 2020 წლის მარტში გაუარა და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა; ასევე პატარაა ჰეილ-ბოპის კომეტაზეც, რომელმაც 1997 წელს ჩაგვიარა და დაახლოებით 60 კმ დიამეტრი ჰქონდა.
თუმცა, ეს კომეტა დედამიწასთან უფრო ახლოს მოვა და შესაბამისად, ისეთივე კაშკაშა გამოჩნდება, როგორც უფრო დიდები.
მიუხედავად იმისა, რომ კომეტა სიკაშკაშის პიკს თებერვლის დასაწყისში, დედამიწასთან ჩავლისას მიაღწევს, მის დანახვას შეიძლება ხელი შეუშალოს სავსე მთვარის სინათლემ.
ნიკოლა ბივერის განცხადებით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან კომეტა ყველაზე კაშკაშა იანვრის ბოლო კვირაში გამოჩნდება, როდესაც ის დიდი და პატარა დათვის თანავარსკვლავედებს შორის გაივლის.
მისივე თქმით, 21-22 იანვარს მთვარე მისი დანახვის კარგ შანსს მოგვცემს.
„შეიძლება კარგი სიურპრიზიც მივიღოთ და კომეტა მოსალოდნელზე ორჯერ კაშკაშაც აღმოჩნდეს“, — ამბობს იგი.
კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის პროფესორის, თომას პრინცის განცხადებით, კომეტის დანახვის კიდევ ერთი შანსი იქნება 10 თებერვალს, როდესაც ის მარსთან ახლოს გაივლის.
„იშვიათი ვიზიტორი“
ეს კომეტა დროის უმეტეს ნაწილს მზისგან იმაზე დაახლოებით 2500-ჯერ შორს ატარებს, ვიდრე დედამიწა.
მკვლევართა აზრით, კომეტა ჩვენკენ ოორტის ღრუბლიდან მოემართება — მზის სისტემას გარშემორტყმული ვრცელი სფეროდან, რომელიც ყინულოვანი ობიექტებით არის სავსე.
ბოლოს ამ კომეტამ დედამიწას ზედა პალეოლითის პერიოდში ჩაუარა, როდესაც ჩვენს პლანეტაზე ნეანდერტალელები ჯერ კიდევ არსებობდნენ.
პრინცის განცხადებით, კომეტა მზის სისტემის შიდა ნაწილში შემდეგ ჯერზე 50 000 წლის შემდეგ შემოვა.
თუმცა, მისივე განცხადებით, არის იმის შანსიც, რომ ახლანდელი ვიზიტისას, კომეტა სამუდამოდ გაიტყორცნოს მზის სისტემიდან.
მის ახლო დამკვირვებლებს შორის იქნება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც. თუმცა, ის ფოტოებს არ გადაიღებს და ამის ნაცვლად, შეისწავლის მის შემადგენლობას, როდესაც მზე მის გარე ფენებს გააცხელებს და დაშლის.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.