„მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგის ჩამოგდებიდან ოთხი წელი გავიდა
„მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგის ჩამოგდებიდან ოთხი წელი გავიდა

აღმოსავლეთ უკრაინაში „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგის ჩამოგდებიდან ოთხი წელი გავიდა. ნიდერლანდებში, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტთან დღეს მსხვერპლთა ახლობლები შეიკრიბებიან და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. სამგლოვიარო აქცია მემორიალურ ტყეში გაიმართება, იმ ადგილას, სადაც ავიაკატასტროფაში თითოეული დაღუპულის სახელზე  298 ხე დარგეს.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.

მსხვერპლს იხსენებენ დღეს კიევშიც. მოქალაქეებს სანთლები და ყვავილები მიაქვთ იმ ქვეყნების საელჩოებთან, რომელთა მოქალაქეებიც თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაიღუპნენ . „ბოინგის“ მგზავრთა დიდი ნაწილი ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის რეისით მიფრინავდნენ ასევე მალაიზიელები, ავსტრალიელები, ბრიტანელები, ბელგიელები, გერმანელები და ფილიპინელები.

​კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო.

საერთაშორისო ექსპერტებმა 2018 წლის 24 მაისს განაცხადეს, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი რუსეთის შეიარაღებული ძალების რაკეტით ჩამოაგდეს. ნიდერლანდების და ავსტრალიის მთავრობებმა დონეცკის ოლქში 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრეს.