კიევის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური პატიმრობიდან გაათავისუფლა
კიევის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური პატიმრობიდან გაათავისუფლა

კიევის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმირ ცემახი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ცემახი დონბასში მალაიზიური ავიახაზების „ბოინგის“ ჩამოგდების საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმედ მიიჩნევა. მას პატიმრობა 2019 წლის 20 ოქტომბრამდე ჰქონდა შეფარდებული.

ცემახი 2019 წლის ივნისის ბოლოს უკრაინული სპეცსამსახურების მიერ პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ტერორისტული დაჯგუფების ან ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, რაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, რვიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმირ ცემახი ქალაქ სნეჟნოეში „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საჰაერო თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური იყო. უკრაინული მედიის ცნობით, ცემახი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი რეისი MH17-ის ჩამოგდების საქმეში მნიშვნელოვან ფიგურანტად მიიჩნევა. ქალაქი სნეჟნოე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან ახლოს მდებარეობს.

მიმდინარე წლის აგვისტოში რუსული გამოცემა „ინსაიდერი“ წერდა, რომ კრემლი უკრაინასთან გასაცვლელი პატიმრების სიაში ცემახის ჩასმას ითხოვს. 4 სექტემბერს ევროპარლამენტის 40 დეპუტატმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიმართა ღია წერილით, რომელშიც მას სთხოვდნენ, არ დაუშვას რუსეთისთვის ვლადიმირ ცემახის გადაცემა.

ცემახის პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა ნიდერლანდების წარმომადგენელი, ევროპარლამენტის დეპუტატი კატი პირი.

„მოვლენების ასეთ განვითარებას დადებითს ვერ ვუწოდებდით. ეჭვმიტანილის გათავისუფლება, რომლის დაკითხვასაც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი აპირებს, შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა ევროდეპუტატმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი რეისი 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის რეგიონში, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლი ბუკის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი გარდაიცვალა. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო.