საგამოძიებო ჯგუფი უკრაინის აღმოსავლეთში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფაში ეჭვმიტანილებს დაასახელებს
საგამოძიებო ჯგუფი უკრაინის აღმოსავლეთში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფაში ეჭვმიტანილებს დაასახელებს

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფაში ეჭვმიტანილებს დღეს დაასახელებენ. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

როგორც ცნობილია, საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც 2014 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებს, უახლოეს საათებში ოთხ ეჭვმიტანილს დაასახელებს.

2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური ავიახაზების „ბოინგი 777“ ამსტერდამი-კუალა ლუმპურის რეისს ახორციელებდა, როდესაც უკრაინის საჰაერო სივრცეში ავიაკატასტროფა განიცადა. ხმელეთიდან საფრენი აპარატის ჩამოგდებას ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი შეეწირა. გამომძიებლები ტრაგედიაში პრორუს სეპარატისტებს ადანაშაულებენ. რუსეთი ავიაკატასტროფაში რაიმე სახის ჩარევას კატეგორიულად უარყოფს.

„ბიბისის“ ცნობით, ჰოლანდიელ გამომძიებელთა ჯგუფი, გამოძიების ახალი დეტალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით სპეციალურ პრესკონფერენციას ჰოლანდიის დროით 13:00 საათზე გამართავს.