ინდონეზიური ავიაკომპანიის სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფის სავარაუდო ადგილზე სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
ინდონეზიური ავიაკომპანიის სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფის სავარაუდო ადგილზე სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო „ბოინგი“ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად კატასტროფის სავარაუდო ადგილზე სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამხედრო-საზღვაო ძალები მუშაობენ.

ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, ბუდი კარიას განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან ეკიპაჟის 12 წევრი იყო. მინისტრის ინფორმაციით, „ბოინგი 737“ აეროპორტიდან 20 კილომეტრში, კუნძულ ლაკის მახლობლად ჩამოვარდა.

ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიელი იყო.

ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი წვიმის გამო ნახევარსაათიანი დაგვიანებით, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გაფრინდა და მალევე რადარებიდან გაუჩინარდა.