მაკა ბოჭორიშვილი - ბრიუსელში შეხვედრების შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ არის მცდელობა, სტატუსის მინიჭების განხილვა მოხდეს არა რეკომენდაციების შეფასების საფუძველზე, არამედ უხილავი წინაპირობების მიხედვით
მაკა ბოჭორიშვილი - ბრიუსელში შეხვედრების შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ არის მცდელობა, სტატუსის მინიჭების განხილვა მოხდეს არა რეკომენდაციების შეფასების საფუძველზე, არამედ უხილავი წინაპირობების მიხედვით

მსურს, ხაზი გავუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტების მნიშვნელობას, მათი გამართული მუშაობის საჭიროებას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნებისთვის გამოყენებას, ჩვენი მიზანი ყოველთვის არის, მსგავს შეხვედრებზე ვისაუბროთ გაკეთებულ საქმეზე და ვიზრუნოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება, რომლის უდიდესი ნაწილისთვის სულერთი ნამდვილად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული პროცესები, იმსახურებს, ფლობდეს მეტ ინფორმაციას და იცოდეს სიმართლე საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ განწყობებზე, მათ წარმომავლობაზე და მოლოდინებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა გასულ კვირას გამართული შეხვედრა გამოყენებულიყო მხოლოდ კრიტიკული პოზიციების გასაჟღერებლად, ჩვენ შევძელით, გარდა მათზე პასუხების გაცემისა, გვესაუბრა ასოცირების შეთანხმების და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების მცდარი ინტერპრეტაციების განხილვა. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია, რაც პირველად მოხდა, ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობა იყო, საზოგადოებას თავად ედევნებინა თვალი და გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნები. გასულ კვირას ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ არის სერიოზული მცდელობა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მოხდეს არა იმ 12 რეკომენდაციის შეფასების საფუძველზე, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა, არამედ უხილავი წინაპირობების მიხედვით, რომლის განსაზღვრაც და შესრულებაც რთულია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

ამავდროულად, ასეთი წინაპირობების ინტერპრეტაცია მარტივია ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, არ დაუშვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. რთულია, ბრიუსელმა უგულებელყოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც არ დაგვიშურებია იმისთვის, რომ 12-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად გვემუშავა ამ ერთი წლის განმავლობაში. რთულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებმა უგულებელყონ ის ძალისხმევა, რომელიც არ დაგვიშურებია იმისათვის, რომ შეგვექმნა ყველა წინაპირობა, დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.