მაკა ბოჭორიშვილი - საინტერესოა, რა შენიშვნები ექნება ვენეციის კომისიას, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, განვიხილოთ, რა შეიძლება აისახოს კანონში შემდეგ ეტაპზე
მაკა ბოჭორიშვილი - საინტერესოა, რა შენიშვნები ექნება ვენეციის კომისიას, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, განვიხილოთ, რა შეიძლება აისახოს კანონში შემდეგ ეტაპზე

ჩვენთვისაც საინტერესოა, რა შენიშვნები იქნება ვენეციის კომისიის მხრიდან. ველოდებით, რომ, სავარაუდოდ, სამართლებრივი ხასიათის გარკვეული სახის შენიშვნები იქნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, განვიხილოთ, თუ რა შეიძლება აისახოს კანონში შემდეგ ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც არგუმენტების გარეშეა საუბარი, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს თუ ევროპულ ფასეულობებს, უნდა მოხდეს საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვა.

„ჩვენთვისაც საინტერესოა, რა შენიშვნები იქნება ვენეციის კომისიის მხრიდან. ველოდებით, რომ იქნება გარკვეული სახის შენიშვნები და ალბათ სამართლებრივი ხასიათის იქნება, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, განვიხილოთ, რა შეიძლება კანონში იყოს ასახული შემდეგ ეტაპზე. როცა არგუმენტების გარეშე მიმდინარეობს საუბარი, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს თუ ევროპულ ფასეულობებს, უნდა მოხდეს ამ საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვა და იმის მითითება, თუ რომელი სტანდარტი და ნორმაა ერთმანეთთან შესაბამისობაში მოსაყვანი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს და მოტივირებულ შენიშვნებს, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ვეტოს სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რომ კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს ევროპულ და სამართლებრივ ნორმებთან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება იმ კონკრეტულ საკითხის, რაც პრობლემას ქმნის და რის გადაჭრასაც ცდილობს ეს კანონი, მოხდეს დარეგულირება იმგვარად, რომ შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან და სპეკულაციების საგანი არ იყოს. რაც შეეხება პრეზიდენტს, არ ვიცი, სიმბოლური რა არის. ვეტო ვეტოა და მას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, თუ ის აპირებს, რომ კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს ევროპულ და სამართლებრივ ნორმებთან. როგორ შეიძლება, კონსტრუქციული იყოს მაშინ, როცა, ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული და ცდილობს, რომ საქართველოსთვის ყველა საჭირო საკითხი გამოიყენოს მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მიზნებისკენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.