მაკა ასათიანი არ გამორიცხავს, პატივისა და ღირსების შელახვისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უჩივლოს
მაკა ასათიანი არ გამორიცხავს, პატივისა და ღირსების შელახვისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უჩივლოს

მაკა ასათიანი და მისი ადვოკატები არ გამორიცხავენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლონ.

შპს „აკას“ (მერსედეს-ბენცის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) დამფუძნებლები და ოჯახის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა 5 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევაში და ანგარიშზე მუშაობისას მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

თუ ორგანიზაცია შეცდომას არ გაასწორებს, პატივისა და ღირსების შელახვის გამო, ისინი ორგანიზაციას სასამართლოში უჩივლებენ.

ამასთან, ასათიანების უფლებადამცველები აპირებენ მიმართონ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებსაც.

შპს „აკას“ ადვოკატის, ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, კვლევაში სულ შვიდი საქმეა მოყვანილი, თუმცა ექვს მათგანზე უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მხოლოდ მათი საქმეა, რომლის განხილვაც უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს და მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ არის გასული.

„ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ამ საქმეში კომპანია „აკა“-ს ხსენებამ იმის გამო, რომ დასკვნაში მიმოხილული შვიდი საქმიდან ექვსი არის დასრულებული, სასამართლოს აქვს ნათქვამი თავისი სიტყვა და რაიმე დასკვნას მიმდინარე საქმის წარმოებაზე გავლენის მოხდენა აღარ შეუძლია. დარჩენილია ერთი საქმე – ეს არის კომპანია „აკას“ საქმე, რომელზეც დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე, 27 ივლისს დანიშნულია უზენაეს სასამართლოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება. შესაბამისად, კომპანია „აკას“ და მის მესაკუთრეებს, მის წარმომადგენლებს გვაქვს განცდა, რომ მაღალია ალბათობა იმისა, ამ კატეგორიის დასკვნაში ჩვენი საქმის ფიგურირება იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც არის მოხსენიებული, შესაძლოა მოახდინოს გავლენა სათათბიროდ გასულ მოსამართლეთა შინაგან რწმენაზე და განსაზღვროს სასამართლოს მხრიდან მისაღები გადაწყვეტილების შინაარსი. ძალზედ მარალი რისკია ამისა”, -აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

ადვოკატის შეფასებით, ანგარიშის მომზადებისას დასკვნის ავტორი ვერ მიიღებდა სასამართლოსგან იმ ინფორმაციას, რაც „აკას“ ნაწილში დასკვნის დადების საფუძველი გახდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რაიმე სახის კომუნიკაცია მათთან არ ჰქონია, შესაბამისად, ინფორმაციის წყარო არ არის „აკა“ და არ არის სასამართლო, ინფორმაციის წყარო არის მოდავე მხარე და მაკა ასათიანის უფლებადამცველებისთვის დასკვნა არის ტენდენციური და ცალმხრივი მათ
ნაწილში“,- განაცხადა ადვოკატმა.

იურისტების შეფასებით, ეს მიზნად ისახავს კონკრეტული მოდავე მხარის სასარგებლოდ სასამართლოზე გავლენის მოხდენას.

კომპანიის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის შეფასებით, კვლევაში მერსედეს-ბენცის ოფიციალური წარმომადგენლობის სასამართლო დავასთან დაკავშირებით დამახინჯებულია ფაქტები, მოცემულია მცდარი და აშკარად ტენდენციური დასკვნები. იურისტის განცხადებით, კვლევის მომზადებისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ თავად ორგანიზაციის დეკლარირებული და წესდებაში მითითებული პრინციპი – ყოვლისმომცველი, სიღრმისეული და ობიექტური ანალიზის განხორციელება დაარღვია.

„შეგნებულად არ ვაპირებთ, შევიდეთ საქმის დეტალების განხილვაში. საქმის დეტალებზე საუბარი არ არის კორექტული და არ შეიძლება იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო თათბირობს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღოს 10 წლის განმავლობაში მიმდინარე დავაზე. მხოლოდ ამის გამო ვიკავებთ თავს და არა იმიტომ, რომ  დასკვნებზე და იმ ოქმებზე ჩვენი მოსაზრება არ გაგვაჩნია. მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად გაყალბებულია რეალური ინფორმაცია და დიამეტრალურად სხვა მონაცემებია საქმეში, ვიდრე დასკვნაშია მითითებული.

მოვუწოდებთ მათ, უახლოესი დღეების განმავლობაში მოახდინონ კომუნიკაცია. ჩვენ მათ გადავცემთ სრულ ინფორმაციას და განმარტებას ამ საქმესთან დაკავშირებით და ვთვლით და დარწმუნებული ვართ ამას შედეგად მოყვება ჩვენს საქმესთან დაკავშირებული დასკვნის უარყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, მომდევნო კვირაშივე მივმართოთ სასამართლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვის გამო და გარდა ამისა, აუცილებლად მივმართავთ მათ დონორ ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს, რომლებიც თანადგომას უწევენ მათ და ეხმარებიან თავიანთი საკმაოდ საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში, რომ ჩავაყენოთ საქმის კურსში მომხდარი არაობიექტურობის და ტენდენციურობის შესახებ“, – აღნიშნა გიორგი გვენეტაძემ.