მაიკლ კარპენტერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს შეფასებას სამართლიანს უწოდებს
მაიკლ კარპენტერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს შეფასებას სამართლიანს უწოდებს. „პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის შემდეგ მთავრობებს ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ.
მაიკლ კარპენტერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას აზიარებს.
„ეს, როგორც ჩანს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი შეფასებაა. იმედი მაქვს, რომ აშშ-სა და საქართველოს შემდეგ ადმინისტრაციებს საშუალება ექნებათ გააძლიერონ ურთიერთობები“, – წერს კარპენტერი.
დღეს, საქართველოში ამერიკის საელჩომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.
ამასთან, როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.
„საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.