მაიკლ კარპენტერი - საქართველო მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ქვეყანაა, ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას იყენებს, რომ ეფექტური კავშირი უზრუნველყოს სხვადასხვა სფეროში სამხრეთ კავკასიასა და მის მიღმა, მათ შორის ცენტრალურ აზიასთან
მაიკლ კარპენტერი - საქართველო მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ქვეყანაა, ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას იყენებს, რომ ეფექტური კავშირი უზრუნველყოს სხვადასხვა სფეროში სამხრეთ კავკასიასა და მის მიღმა, მათ შორის ცენტრალურ აზიასთან

აშშ გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომ ერთ დღესაც რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განუცხადა.

როგორც მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, აშშ გააგრძელებს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით საქართველოს დახმარებას.

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ქვეყანაა, სტრატეგიულ გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთის მეზობელი რთულ სამეზობლოში. ამის მიუხედავად, საქართველო ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას იყენებს, რომ ეფექტური კავშირი უზრუნველყოს სხვადასხვა სფეროში სამხრეთ კავკასიასა და მის მიღმა, მათ შორის ცენტრალურ აზიასთან. ასე რომ, ჩვენ გვინდა საქართველოს შენარჩუნება დღის წესრიგში, გავაგრძელებთ ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით საქართველოს დახმარებას“, – განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით,  2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც, სამწუხაროდ, შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა.

„ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო და ამ გაკვეთილიდან სწორი დასკვნა რომ ვერ გავაკეთეთ, ამან კრემლს 2014 წელს ყირიმში შეჭრის და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცა. მაშინ უფრო მკაფიო რეაქციები იყო, თუმცა ისევ ნაკლებად ეფექტური, რადგან ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან, სასტიკ ომს, კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო ომის დანაშაულებით, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ნამდვილად ვერ უარვყოფთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი ქვეყნიდან დაიწყო. საქართველო კვლავ იტანჯება ოკუპაციისგან, ბორდერიზაცია ტკივილს აყენებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და ეს კონფლიქტი კვლავ გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ, უკრაინის შემთხვევისგან განსხვავებით, ცხელი კონფლიქტი არ არის“, – განაცხადა კარპენტერმა.