მაიკლ კარპენტერი - საქართველოს მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით იქცევა, როცა საქმე ეხება მის ტერიტორიებს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს
მაიკლ კარპენტერი - საქართველოს მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით იქცევა, როცა საქმე ეხება მის ტერიტორიებს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს

ეუთო-ში აშშ-ის ელჩის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს.

მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში მეორე ფრონტის შესაძლო გახსნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობით იქცევა, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა იქცევა დიდი პასუხისმგებლობით, როცა საქმე ეხება მის ტერიტორიებს – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს. ჩვენ რა თქმა უნდა მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ მომენტში, როგორც ყველამ იცით, საქართველოში ადგილზე წარმოდგენილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეუთო კი მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს“, – განაცხადა კარპენტერმა.

მაიკლ კარპენტერის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს გაჭიანურებულ კონფლიქტებს.

„გასულ კვირას დნესტრიპირეთში რამდენიმე აუხსნელი აფეთქება მოხდა და ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. ეუთო-ს მანდატი მოიცავს მოლდოვაში, დნესტრიპირეთში და მის გარშემო უსაფრთხოების სიტუაციის მონიტორინგს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადევნებთ თვალს ასევე ყარაბაღს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, – განაცხადა კარპენტერმა.