მაიკ პენსი - არჩევნებში ჩარევის მცდელობაში მონაწილეთა წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია
არჩევნებში ჩარევის მცდელობაში მონაწილეთა წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია,– ეს განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.
“აშშ- ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად თანამშრომლობს სპეცპროკურორ მიულერთან და ეს ასე გაგრძელდება. არ არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან ერთად ერეოდა აშშ-ის საარჩევნო პროცესში”,- განაცხადა მაიკ პენსმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ აშშ-მა მიიღოს ზომები იმ ფიზიკური პირების წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიულ პროცესში ერეოდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ პარასკევს რუსეთის 13 მოქალაქეს 2016 წლის არჩევნებში ჩარევისთვის ბრალი წაუყენა. ბრალდების მიხედვით რუსული კომპანია “ინტერნეტ კვლევების სააგენტოს” თანამშრომლებმა აშშ- ის პოლიტიკურ სისტემაში ჩარევის მიზნით ოპერაცია 2014 წელს დაიწყეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრალდებას აბსურდული უწოდეს.