მაიკ პენსი - უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა ელოდოს
მაიკ პენსი - უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა ელოდოს

უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა ელოდოს, – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.

პენსმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა განიხილებოდეს „ომის დროს“ და უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას „ომის მოგების შემდეგ“ უნდა ელოდოს.

„გულწრფელად მჯერა, რომ როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა და დემოკრატიის არსენალმა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ უკრაინელებს მიაწოდოს ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლისა და გამარჯვებისთვის და მოიგერიონ ეს არაპროვოცირებული რუსული შეჭრა, მაგრამ ნატო-ს წევრობის საკითხზე  მე ვილაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკისთან – ვფიქრობ, ყველა უნდა დაველოდოთ ომის მოგებას“, – განაცხადა პენსმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

როგორც მედია წერს, პენსი ჯერჯერობით ერთადერთი რესპუბლიკური საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც უკრაინას ეწვია. გასულ თვეში, უკრაინაში ვიზიტის დროს პენსი შეხვდა ზელენსკის და დაადასტურა, რომ აშშ და თავისუფალი სამყარო აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს.