მაია ყუფარაძე - ბაგა-ბაღების სისტემაში ვაკუუმი გვაქვს, ახალი პროფესიონალების მომზადების სისტემა არ არსებობს
სტანდარტისა და კანონის მიხედვით, ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა, მათი ასაკიდან გამომდინარე, 25–დან 30–მდე უნდა მერყეობდეს, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა, მაია ყუფარაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, როცა ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში ბავშვების დასწრება საგრძნობლად გაიზარდა, დღეს ძალიან ბევრ ბავშვს ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. ერთ–ერთი მიზეზი ადგილების ნაკლებობაა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან შევიტყვეთ, არის გეგმა, რომ საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, სკოლაში არსებული თავისუფალი ფართი სკოლამდელი განათლების ჯგუფებისთვის იქნას გამოყენებული; იმ რაიონებსა თუ სოფლებში, სადაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებების სიმცირეა, მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ყველა უსაფრთხო ფართი გამოყენებულ უნდა იქნას, ჩატარდეს შესაბამისი რეკონსტრუქცია, მოეწყოს უსაფრთხო გარემო და ასე შემდეგ“, – განაცხადა ყუფარაძემ.
მაია ყუფარაძემ ბაღების პედაგოგთა გადამზადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობამ გასული წლის ოქტომბერში ბაღის აღმზრდელი პედაგოგების პროფესიული სტანდარტი, ასევე ბავშვის განვითარებისა და განათლების სტანდარტი დაამტკიცა.
„მალე უნდა მიიღონ ინფრასტრუქტურის სტანდარტი, ასევე – წყლის, ჰიგიენისა და სანიტარიის სტანდარტი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სისტემაში ვაკუუმი გვაქვს, რადგან ქვეყანაში ახალი პროფესიონალების მომზადების სისტემა არ არსებობს, რასაც უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები უზრუნველყოფს. ანუ, ჩვენ რეალურად მოწყვეტილი ვართ იმ ბედნიერებას, რომ ახალი კადრები მოვამზადოთ. შესაბამისად, არ არსებობს არსებული კადრების მომზადების სისტემები. შესაძლოა, აქაიქ ფრაგმენტული, 3–5 დღიანი ტრენინგები ტარდებოდეს, მაგრამ ეს ძალიან ლიმიტირებული და აბსოლუტურად არასაკმარისია“, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სკოლამდელი განათლების კანონის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ძალიან ინოვაციური და საინტერესო მეთოდოლოგიური რესურსები იქმნება.
„კანონით, განათლების სამინისტროს პროფესიონალთა მომზადება–გადამზადებისთვის მეთოდოლოგიური მასალების შემუშავება ევალება, მუნიციპალიტეტს კი – არსებული კადრების გრძელვადიანი, სისტემატური მომზადება“, – განაცხადა მაია ყუფარაძემ.