მაია ცქიტიშვილი - ჩვენმა ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშოროს კრიმინალური მენტალიტეტი
ჩვენმა ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშოროს კრიმინალური მენტალიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა შს მინისტრის ინიციატივაზე განაცხადა, რომელიც ქუჩურ გარჩევაზე კრიმინალიზაციას ეხება.
მაია ცქიტიშვილის თქმით, კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა შსს-ს პრიორიტეტია.
„კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებიც განხორციელდა. ვფიქრობ, ეს ინიციატივა არის შემდეგი ნაბიჯი. ჩვენმა ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშოროს კრიმინალური მენტალიტეტი და მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს იმ აღქმით, რომ ე.წ. ქუჩური ცხოვრების რომანტიზებული განწყობა, რომელიც 90-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში იყო, არის გუშინდელი დღე და ჩვენს ქვეყანას არ შეეფერება ეს მენტალიტეტი. ჩვენი ახალგაზრდები უნდა ცხოვრობდნენ ჯანსაღი წესით, ისე როგორც ევროპული და სხვა განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდები ცხოვრობენ“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია მოხდება.